მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ჩაის მწარმოებელი კომპანია კახეთში საწარმოს მშენებლობას იწყებს

5e2483f375153
ანი ციხისთავი
20.01.20 09:40
3066
რამდენიმე დღეში ღვინის ჩაის, “ცხელი საფერავის”, მწარმოებელი კომპანია “სტუმარი” კახეთში ახალი საწარმოს მშენებლობას დაიწყებს. ამის შესახებ Bm.ge-ისთან კომპანიის დირექტორმა გიორგი ბუკიამ ისაუბრა.

ბუკიას თქმით, საწარმოს მშენებლობის პროცესი დაახლოებით 1.5-2 წელი გაგრძელდება. საწყის ეტაპზე საწარმო 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს, თუმცა კომპანიის დირექტორის თქმითვე, დასაქმებულთა რაოდენობა მაინც წარმოების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.

“ჩვენი პროდუქტით დაინტერესება დიდია. იაპონია და გერმანია მზად არიან შეიძინონ პროდუქცია, მაგრამ ჩვენ თვითონ დროებით შევაჩერეთ მოლაპარაკებები, რადგან წარმოება ჯერ საკმარისი მასშტაბის არ არის. წარმოების ზრდისთვის ახალი საწარმო გვჭირდება”, - აცხადებს ბუკია. მისი თქმით, მოლაპარაკებები აშშ-სთანაც მიმდინარეობს, თუმცა “სტუმარი” არც მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის მზად.

“ჩვენთვის წარმოების ზრდა განსაკუთრებით რთულია. რადგან მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის პირდაპირი ანალოგი არ მოიძებნება, არ არსებობს მისი დამზადებისთვის საჭირო სტანდარტული ავტომატიზებული დანადგარები, შესაბამისად, მოგვიწია, რომ ჩვენ თვითონ შეგვექმნა. უკვე შევუკვეთეთ დანადგარები და ამ ეტაპზე დამზადების პროცესი მიმდინარეობს”,- ამბობს ბუკია.

საწარმოს აშენებისა და წარმოების ზრდასთან ერთად “სტუმარი”, ბუკიას თქმით, 2021 წლიდან ასორტიმენტსაც გაზრდის. კომპანიაში ექსპერიმენტები მიმდინარეობს და ცდილობენ ჩაი თეთრი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან დაამზადონ.

ცნობისთვის, “სტუმარი” ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა, თუმცა აქტიურად პროდუქტის გაყიდვა 3 თვის წინ დაიწყო. კომპანია საფერავისგან ჩაის ამზადებს. პროდუქტის ფასი 20-დან 25 ლარამდე მერყეობს და მისი შეძენა ზოგიერთი სუპერმარკეტების ქსელში, სასტუმროებსა და კაფეებშია შესაძლებელი. საფერავის ჩაი ექსპორტზე ამ ეტაპზე ჩინეთში გადის. პროდუქტისგან როგორც ცხელი, ასევე ცივი ჩაისა და კოქტეილის დამზადებაცაა შესაძლებელი.