მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტის ათწლედი: სად ფასობს ძვირად?

5fdf6d3714df0
ეგნატე შამუგია
22.12.20 09:45
2415
საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის ღვინოს ისტორიულად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. ადგილობრივი წარმოების საქონელი და მომსახურების ექსპორტში ამ უკანასკნელის წილი 9.5%-ს აღწევს [2019 წელი], რაც რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ადგილია. ამავე პერიოდში, ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კი, მთლიანი ეკონომიკის 1.3%-ია. სწორედ, ეს საქონელი გახდა მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტი, რადგან საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელთან ერთად, ბევრი ადამიანის შემოსავალის წყაროა. რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების პერიოდში ღვინის მთლიანი ექსპორტის 90.0%-ზე მეტი სწორედ ამ ქვეყნის წილი იყო. 2006 წელს რუსეთის მიერ უხარისხობის მოტივით ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესდა, რაც 8 წლის შემდეგ, 2013 წლიდან მოიხსნა. აღნიშნული კი საქართველოს მიერ რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ მოხდა. მართალია, რუსეთის მიერ ღვინის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო ექსპორტიორ კომპანიებზე და ფერმერებზე უარყოფითად აისახა, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალი ბაზრების ძიებას და ათვისებას ხელი შეუწყო. 2019 წლის მდგომარეობით, ქართული ღვინის ექსპორტი 52 ქვეყანაში ხორციელდება [> 100ლ], სადაც მთლიან მოცულობაში წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება: რუსეთი (61.6%), უკრაინა (11.7%), ჩინეთი (7.4%), პოლონეთი (4.6%), ყაზახეთი (3.8%), ბელარუსი (3.1%), ლატვია (1.7%), ლიეტვუა (0.8%), ესტონეთი (0.7%) და აშშ (0.7%). ხოლო, დანარჩენ 42 ქვეყანაში კი ღვინის მთლიანი ექსპორტის 3.8% გავიდა.
 
ფიგურა 1: ღვინის ექსპორტის მოცულობა (მლნ ლიტრი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამდენად, რუსეთში ღვინის ექსპორტი 2013 წელს აღდგა, რომელიც წლიდან წლამდე მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამავე წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 15.6 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2019 წელს 43.1 მლნ ლიტრს აღწევდა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 32.7 მლნ ლიტრია, რაც მთლიანი ღვინის ექსპორტის 61.3%-ია. გასულ წლებში კი, ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი საშუალოდ 56.2%-ს აღწევს. მაშინ, როცა ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთი იყო და ამ უკანასკნელის მიერ ექსპორტი შეიზღუდა, ის უკრაინამ ჩაანაცვლა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის ½ -ზე მეტი ეკავა. გარდა უკრაინისა, ექსპორტი ყაზახეთში, ბელარუსში და ბალტიის ქვეყნებში გაიზარდა, თუმცა რუსეთის მიერ ემბარგოს მოხსნის შემდეგ, საქართველოს ღვინის ექსპორტში ამ ქვეყნების პოზიციები დასუსტდა, რადგან მათი წილი შემცირდა. მაგრამ, არსებობს გამონაკლისიც - მსგავსი ტენდენცია არ ყოფილა ყველა ძირითად საექსპორტო ქვეყნის შემთხვევაში. მაგალითად, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის წილი არა თუ შემცირდა, არამედ უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, რამაც მთლიანად ბოლო წლების ღვინის ექსპორტის ზრდაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა. მაგალითად, 2016 წელს ღვინის ექსპორტის მოცულობის 38.5%-იანი ზრდაში მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წილი 16.5%-ს აღწევდა, მომდევნო წელს კი - 8.3%-ს. 2019 წელს ღვინის მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი 7.4%-ს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით 5.3%-ია. 2020 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2.8 მლნ ლიტრს აღწევს, ხოლო ლიტრ ღვინოზე საშუალო ფასი 3.85 დოლარია, რაც 2010-19 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 0.68 დოლარითაა გაზრდილი. ამდენად, აშშ-ის შემდეგ, ჩინეთი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ქართული ღვინო, სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძვირად ფასობს.

ფიგურა 2: ჩინეთში ღვინის ექსპორტის დინამიკა (მლნ ლიტრი; %)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

ბოლო ათწლიან პერიოდში და მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ყველაზე მაღალი აშშ-ის შემთხვევაშია, სადაც 2010-19 წლებში ლიტრი ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 4.10 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წელს იმავე ნიშნულზეა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ფასის კუთხით გამორჩეული საექსპორტო ქვეყანაა, სხვა ქვეყნებთან შედარებით ექსპორტის მოცულობა მცირეა. კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით 0.7%-ია, რაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 0.5 მლნ ლიტრია. ამ პერიოდში, აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის მთლიანმა ღირებულებამ მხოლოდ 3.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში ყაზახეთში ექსპორტირებული ღვინის ჯამური ღირებულებაზე 5.5 მლნ ლარით ნაკლებია, სადაც 2010-19 წლებში ქართული ღვინის საექსპორტო ფასი საშუალოდ 3.36 დოლარი იყო. ქართული ღვინის ნომერ მეორე საექსპორტო ქვეყანაში - უკრაინაში კი, ათწლიან პერიოდში ფასი საშუალოდ 2.51 დოლარს აღწევდა, რაც რუსეთში ქართული ღვინის საექსპორტო ფასზე ოდნავ მეტია. კერძოდ, ამავე პერიოდში რუსეთში ერთი ლიტრი ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებული საშუალო შემოსავალი 2.46 დოლარია, რაც 2020 წელს საშუალოდ 2.90 დოლარს აღწევს. თუმცა, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნიდან ყველაზე ნაკლებად ღვინო პოლონეთში ფასობს, სადაც ექსპორტირებული ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 2.45 დოლარია, რაც მიმდინარე წელს 2.80 დოლარამდეა გაზრდილი. პოლონეთში კი ყოველწიურად, საქართველოდან საშუალოდ 1.5 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება, რაც ღვინის მთლიან ექსპორტში საშუალოდ 4.0%-ს შეადგენს.

ფიგურა 3: ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი (აშშ დოლარი/ლიტრი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ქვეყნებში სადაც დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი ხორციელდება, უფრო მეტად დაბალი ხარისხის ღვინო გადის და შესაბამისად, ფასიც ნაკლებია. თუმცა, აღნიშნულისგან განსხვავებული მდგომარეობაა ჩინეთის შემთხვევაში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა არსებობს, რაც ბოლო ათწლიანი დინამიკით ჩანს და სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად ფასობს. კერძოდ, ჩინეთში ქართული ღვინის საექსპორტო ფასი საშუალოს 17.4%-ით აღემატება. ბოლო წლებში ამ ქვეყნის წილი არამხოლოდ ღვინის ექსპორტში, არამედ საქართველოს მთლიან ექსპორტშიც გაიზარდა და 2020 წლის მდგომარეობით, ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა გახდა.

მართალია, 2006-2012 წლებში რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო ახალი ბაზრების ათვისების ბიძგი იყო, მაგრამ ამ უკანასკნელთან სავაჭრო ურთიერთობების მოგვარების შემდეგ მან ისევ ნომერ პირველი და ძირითადი საექსპორტო ქვეყნის პოზიცია დაუბრუნა, რაც რუსეთში ქართულ ღვინოზე მაღალ მოთხოვნას ასახავს. ამავეს ვერ ვიტყვით ევროკავშირის ქვეყნებზე, სადაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, ახალი ბაზრების ათვისებას ვერ მოხდა, ხოლო არსებულ საექსპორტო ქვეყნებთან კი ექსპორტის მოცულობა არსებითად არ გაზრდილა. ეს არატრადიციულ ბაზრებზე ქართული ღვინის ნაკლებად კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს. ამდენად, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდისა, ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება ვერ მოხდა. ამ კუთხით, ერთადერთი რისი აღნიშვნაც შეიძლება ეს ჩინეთია. შესაბამისად, ბოლო ათწლეულის დინამიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინის საექსპორტო პერსპექტივა პოსტსაბჭოთა სივრცესა და შორეულ აღმოსავლეთშია.