მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის გამოფენისთვის, სადაც ქართული ღვინის ჩატანა ვერ მოასწრეს, 4 300 ევრო დაიხარჯა

61a64675b90b5
სალომე მეცხვარიშვილი
30.11.21 20:30
1267
ღვინის გამოფენისთვის, სადაც ქართული ღვინის ჩატანა ვერ მოასწრეს, ბიუჯეტიდან 4300 ევრო დაიხარჯა - ამის შესახებ bm.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

საუბარია საერთაშორისო გამოფენა Raw Wine Berlin 2021-ზე, რომელიც გერმანიის დედაქალაქში 28 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიებაში 20-მდე ქვეყნიდან მარნები მონაწილეობდნენ. მათ შორის 11 ქართული მცირე მარნის პროდუქციაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა გამოფენას ღვინომ ვერ ჩაუსწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტვირთი ფრანკფურტში გააჩერეს გადასამოწმებლად, შემდეგ კი უქმე დღეები დაემთხვა და გამოფენამ ღვინის გარეშე ჩაიარა.

ქართველ მეღვინეებს მოუწიათ გამოფენაზე მათივე ხელით, ბარგით წაღებული, მცირე რაოდენობის ღვინოებით წარმოდგენილიყვნენ გამოფენაზე. bm.ge-სთან აცხადებენ, რომ ზოგიერთ ბოთლს ეტიკეტი არც ჰქონდა, ზოგიც უცხოელი მეგობრებისთვის საჩუქრად იყო გამზადებული.

ერთ-ერთი მონაწილე იყო NIKA WINERY-ის დამფუძნებელი ნიკა ბახია, რომელმაც ქვეყანა გამოფენამდე 1 კვირით ადრე დატოვა, შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილი, რომ ტვირთს შესაძლოა პრობლემები შექმნოდა და ღვინოები საკუთარი ძალებით ჩაეტანა ბერლინში, უკვე გერმანიაში მიიღო. ნიკა ბახია ამბობს, რომ ღვინოები ევროპაში მეგობრებისთვის საჩუქრად ჰქონდა ჩატანილი და სწორედ ამ პროდუქტებით მოუწია გამოფენაზე წარდგენა:

“საჩუქრად ძველი ღვინოები წამოვიღე და არა ისინი, რომელთა გაყიდვასაც ვაპირებდი”,- აცხადებს ნიკა ბახია.

მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს არგუმენტები მისთვის მისაღები არ არის. მეღვინე ამბობს, რომ სახელმწიფომ ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო და საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა. ნიკა ბახიას თქმით, სასაცილოა, რომ 21-ე საუკუნეში სახელმწიფოს მსგავსი ტიპის ლოგისტიკური პრობლემები აქვს.

“11 კომპანია ვიყავით წარდგენილი გამოფენაზე, დავრჩით 11 გაწბილები, საქმიანი ადამიანი, ვისაც საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს ამ ყველაფერში ჩადებული. თავად სახელმწიფომაც დახარჯა ფული და საბოლოო ჯამში მივიღეთ რა? შედეგი არ არის. ჩვენი ლამაზი თვალების გულისთვის იქ არავინ მოსულა, ჩვენი ღვინის გასასინჯად მოვიდა, რაც არ გვქონდა”,- აცხადებს ნიკა ბახია.