მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მარნები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან - სომელიეთა ასოციაცია

5fc916522bec0
თათია ჩაფიჩაძე
03.12.20 23:05
2159
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ღვინის მცირე მარნები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას ხეცურიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია მთავრობასთან სექტორში არსებულ პრობლემებზე უფრო კონსტრუქციული დიალოგი შედგეს.

„გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის რესურსები შეზღუდულია და პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს, მაგრამ იქნებ უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფილიყო დიალოგი. ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი აერთიანებს 27 დარგობრივ ასოციაციას, ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსია, დაჯდომა და მოფიქრება უნდა რისი გაკეთება შეიძლება იგივე დღგ-ს ნაწილში, საშეღავათო პერიოდი სესხების ძირზე, აქაც შეიძლება დახმარების გაწევა, კარგი ინიციატივა იყო საპროცენტო განაკვეთის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, აქაც პერიოდი უნდა იყოს გაგრძელებული. როცა არ იხდის კომპანია და მერე ერთიანად მოადგება გადასახადი, წარმოუდგენელ დღეში აღმოჩნდებიან.

ღვინის მარნები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან და კიდევ უარესში ჩავარდებიან, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი არ მუშაობს ექსპორტზე. მათი ძირითადი საქმიანობა დამყარებულია ტურისტზე, რომლებიც ჩადიოდნენ მათთან და შემოსავლის 100% ხშირად ეგ იყო. უკეთეს შემთხვევაში შიდა ბაზარზე ხდებოდა რეალიზება, დღეს არცერთია და არც მეორე.

ტურისტულმა სექტორმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მათ შორის არის ღვინის მცირე მარნებიც, ახლა საჭიროა ამ სექტორს დავეხმაროთ, ეს არის როგორც ვაზზე სამამულე რქა, დღეს არაფერს გაძლევს, თუმცა 1 წელიწადში მოსავალს მოიტანს, ამიტომ თხოვნაა რომ ღვინის მარნებიც აღმოჩნდეს ამ შეღავათების ჩამონათვალში", - განაცხადა შალვა ხეცურიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში.