მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მწარმოებელთა შორის, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებით #1 ადგილზე საქართველოა

625c2471db3ca
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.22 20:46
3745
რუსული ბაზარი ქართული ალკოჰოლური სასმელებისთვის 2013 წლიდან გაიხსნა, რასაც საქართველოში ღვინის და ბრენდის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა. სექტორი რეკორდულ შემოსავალზე 2021 წელს გავიდა, როდესაც ღვინის და ბრენდის ექსპორტმა $395 მილიონი შეადგინა, აქედან მიღებული თანხა ათასობით მევენახესა და ასობით კომპანიაზე გადანაწილდა.

ღვინის ექსპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა, გასულ წელს რუსეთის მიმართულებით 80,500 ტონა ღვინო გადაიზიდა, რომლის ღირებულებაც $130.7 მილიონი იყო. ეს ღვინის ექსპორტის ღირებულების 55%-ია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სავაჭრო პორტალ - comtrade.un-ის მეშვეობით შესაძლებელია გაანალიზება, თუ როგორია ღვინის სხვა მწარმოებლების დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე. ამ საძიებო სისტემაში ამჟამად ხელმისაწვდომია 2020 წლის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ღვინის მწარმოებელთა შორის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებით პირველ ადგილზე საქართველოა.

comtrade-ის თანახმად, 2020 წელს რუსეთის ფედერაციამ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინო შეიძინა.



ამავე სისტემის თანახმად, ქართული ღვინის იმპორტი რუსულ ბაზარზე იმაზე უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს პირდაპირი სტატისტიკიდან ჩანს. კერძოდ, როგორც Comtrade-ის, ასევე საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან რუსეთში 119.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა თავად რუსეთის მიერ comtrade-ისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს რუსეთმა $167.8 მილიონის ღირებულების ღვინო შეიძინა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან, რომლებშიც საქართველო ღვინის ექსპორტს ახორციელებს, 2020 წელს ღვინის ნაწილი რეექსპორტის გზით რუსეთის ფედერაციაში მოხვდა.

ექსპორტსა და იმპორტს შორის მკვეთრი სხვაობა მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში არ შეიმჩნევა. მაგალითად, Comtrade-ის თანახმად, ექსპორტით საფრანგეთმა რუსეთში 2020 წელს მხოლოდ 26.5 მილიონი დოლარის ღვინო გაიტანა, თუმცა ამავე წლის სტატისტიკის მიხედვით, რუსეთმა $187 მილიონის ღირებულების ფრანგული ღვინო შეიძინა. ასეთი სხვაობა სწორედ რეექსპორტით იყო განპირობებული.

ანალოგიურად, იტალიიდან რუსეთში პირდაპირ ექსპორტზე 144 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა, ხოლო რუსეთში კი 2020 წელს იტალიური ღვინის იმპორტმა $338 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც comtrade-ის სტატისტიკიდან ირკვევა, რუსეთში ღვინის რეექსპორტით ძირითადად ლიეტუვა და ლატვია არიან დაკავებული, ლიეტუვადან 2020 წელს რუსეთში 190 მილიონის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ლატვიიდან კი 85 მილიონის. ორივე ქვეყნის შემთხვევაში საუბარია ფრანგული, იტალიური და ესპანური ღვინის რეექსპორტზე, რადგანაც მათ იმპორტში სწორედ ამ ქვეყნების ღვინოები არიან წამყვან ადგილებზე.

რთულია თქმა საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტს და რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის სტატისტიკებს შორის 48 მილიონიან სხვაობას აუცილებლად რეექსპორტი იწვევს თუ სტატისტიკის აღრიცხვაში რაღაც ხარვეზიც არსებობს. ისე კი ყოველწლიურად რუსეთის მიერ შესყიდული ღვინის მოცულობა საქართველოდან ექსპორტს 3-6 მილიონი დოლარით აღემატებოდა.

რეექსპორტის გამოკლებითაც, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტიორთა შორის #1 ადგილზე საქართველოა, რაც ექსპორტის 57%-ს შეადგენს. შედარებისთვის საფრანგეთისთვის, რომელმაც 2020 წელს 9.9 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე რუსეთის წილი მხოლოდ 2% იყო, იტალიისთვის კი რომელსაც 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღვინის ექსპორტი აქვს, რუსული ბაზრის წილი 5%-ს შეადგენდა.