მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის სახელმწიფო კომპანიას "ქართუ ბანკისგან" 39 მლნ ლარის სესხის აქვს აღებული

60ed64061cddd
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.21 16:45
1108
კომპანია “აკურა” მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ღვინის ქარხანაა, რომელიც ყოველწლიურად რთველის სუბსიდირების პროგრამით მილიონობით ლარის ღირებულების ყურძენს ყიდულობს. კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიას “ქართუ ბანკისგან” აღებული აქვს დოლარში ნომინირებული 37 მილიონი ლარის მოცულობის სესხი, მას ასევე აქვს 1.6 მილიონი ლარის ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული სესხი.

“კომპანიას მარაგებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი სესხები აღებული აქვს “ბანკი ქართუსგან”, სესხებს მოქმედების ვადა აქვს 2021 წლის ოქტომბრამდე და წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 9%-ს", - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ “აკურამ” “ქართუსგან” გრძელვადიანი სესხი 2019 წელს აიღო.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “აკურას” 2020 წელს რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობისგან 80.2 მილიონი ლარი ჩაერიცხა.

სწორედ კომპანია “აკურას” და “მოსავლის მართვის კომპანიის” მეშვეობით ფინანსდება რთველის სუბსიდირების პროცესი. მთავრობის დავალებით ეს ღვინის ქარხნები მევენახეებისგან ყიდულობენ ყურძენს და მისგან შემდეგ ღვინო-მასალას და სპირტს აწარმოებენ. ეს პროდუქცია შემდგომში საბითუმო ბაზარზე იყიდება. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

BMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა.

BMG-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმადვე, მთავრობის მიერ სუბსიდირების გზით ჩაბარებული ყურძნისგან სახელმწიფო კომპანიებმა ბოლო 5 წელში 239 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი და ღვინო-მასალა დაამზადეს. თითოეული მათგანის მოცულობა და საბალანსო ღირებულება ასეთია:

• 2015-2020 წლებში დამზადებული ღვინო მასალის მოცულობაა 92.8 ათასი ლიტრი, თვითღირებულება 108.6 მილიონი ლარი;
• 2015-2020 წლებში დამზადებული საკონიაკე სპირტის მოცულობაა 12.1 ათასი ლიტრი (აბსოლუტური ალკოჰოლი), თვითღირებულება 130.4 მილიონი ლარი.

BMG-იმ გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ 2015-2021 წლების განმავლობაში რეალიზებული სპირტისა და ღვინო-მასალის შესახებ. მთლიანობაში სახელმწიფომ ამ პერიოდში 114.1 მილიონი ლარის ალკოჰოლური სასმელები გაყიდა.