მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვიხარია, რომ პროგრესი გვაქვს – ისრაელის ელჩი საქართველოს ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანაზე

5f3641f8edec7
თამთა ჯიჯავაძე
14.08.20 11:46
1677
გვიხარია, რომ პროგრესი გვაქვს ტურისტული კავშირების აღდგენის გზაზე, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა bm.ge-ს ისრაელის მიერ საქართველოს ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით განუცხადა. დიპლომატის თქმით, ისრაელის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში საქართველოდან დაბრუნდებიან, აღარ გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

„ამჟამად საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ, მცირე კატეგორიას (დიპლომატების ვიზიტი, ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევები) შეუძლიათ ისრაელში შესვლა კარანტინის გავლის გარეშე. ის ფაქტი, რომ ისრაელის სახელმწიფომ საქართველო აღნიშნულ მწვანე სიაში შეიყვანა, კიდევ ერთხელ ასახავს იმას, თუ როგორ აფასებს ისრაელი საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიით გამოწვეული ვითარებასთან სამაგალითოდ გამკლავებას”, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნებათ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ამ ქვეყნების სიაში საქართველოსთან ერთად არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია. ლიეტუვა. ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია. გარდა ამისა, ისრაელმა ბულგარეთი, საბერძნეთი და ხორვატია ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ამ ქვეყნებში ისრაელელებს შეეძლებათ გამგზავრება თვითიზოლაციის ვალდებულების გარეშე. როგორც ცნობილია, ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, ისრაელი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას 16 აგვისტოდან აპირებს. თუმცა, ეს არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.