მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვსურს, ქართულ ბაზარზე ხორცის მოთხოვნის 30%-70% დავაკმაყოფილოთ“ - Green Alliance

608c33be3634c
BM.GE
02.05.21 20:00
1314
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული 10 მლნ ლარის ინვესტიციით მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა - Green Alliance-მა დააფუძნა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციიდან 6 მლნ ლარი შეღავთიანი აკროკრედიტია.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ხუროძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ სასაქონლო ფერმის ამოქმედებით, მიზნად იმპორტის ნაწილობრივი ჩანაცვლება აქვთ დასახული.

„ჩვენი პროექტი მაღალხარისხიანი ნატურალური ხორცის ბაზარზე შეტანას ითვალისწინებს, რომელიც ხორცის მაღაზიასა და ქსელურ მარკეტებში ადგილწარმოშობისა და მაღალი ხარისხის მაჩვენებელი ნიშნების მითითებით გაიყიდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბაზარზე არსებული ფასისა და მოთხოვნის შესაბამისად მოხდება. გვინდა, რომ ბაზრის მოთხოვნის 30%-70% დავაკმაყოფილოთ. სალერსის ჯიშის გაყიდვა 2022 წლიდან იგეგმება. პირველ ეტაპზე, რაც მომდევნო რამდენიმე წელს მოიცავს, ჩვენი პროდუქტით მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი მომარაგდება, რადგან მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოში საკმაოდ დიდია. სურვილი გვაქვს, იმპორტი ნაწილობრივ მაინც ჩავანაცვლოთ“, - აღნიშნავს Green Alliance-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მნიშვნელოვანია, რომ 10 მლნ ლარის ინვესტიციით კომპანიამ 8 მუდმივი სამუშაო ადგილი შექმნა. ფერმაში 5 ფრანგი ექსპერტი მუშაობს და 2 წლის მანძილზე სეზონურად 120 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. "დმანისის მეცხოველეობა" სამომავლოდ წარმოების გაფართოებას და პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. Green Alliance-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მომავალ წლებში სალერსის რძით მაღალხარისხიანი ფრანგული სტანდარტის ყველის დამზადებაც განიხილება.