მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP-ის მფლობელმა Georgia Global Utilities-მა $250 მილიონის მწვანე ობლიგაციები განათავსა

5f1e8a410e057
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.20 12:11
1897
საინვესტიციო ჰოლდინგ "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში არსებულმა კომპანიამ Georgia Global Utilities-მა, რომელიც თბილისის წყალმომარაგების სისტემას (GWP) და ენერგოპროექტებს მართავს, $250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის "მწვანე ობლიგაციები" განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "საქართველოს კაპიტალი" ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, მწვანე ობლიგაციების სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 5 წელია.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე, ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს - გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“,- განაცხადა "საქართველოს კაპიტალის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

ობლიგაციები გაიცემა და გაიყიდება ნომინალურ ფასად. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე, წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას.

ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე და შეფასდება B+ (სტაბილური) რეიტინგით Fitch-ისგან, და B (პოზიტიური) რეიტინგით S&P-სგან. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი TBC Capital-ი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP-ი წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების DEG, FMO და ADB-ს მიერ.