13.ივნისი .2022 17:38

„GWP რუსთავში საკუთარ ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს“ - რუსთავის მერი

„GWP რუსთავში საკუთარ ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს“ - რუსთავის მერი
views 807
უკან

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბოლო პერიოდში, რუსთავის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე, სამსახურებთან გამართულ თათბირზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას, სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.
დღეს დილით, სასმელი წყლის მიწოდება, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყდა საბავშვო ბაღებსაც, რის გამოც, საბავშვო ბაღის სერვისით, 2000-მდე რუსთაველმა ბავშვმა ვერ ისარგებლა.

"აბსოლუტურად ვიზიარებთ ჩვენი თანაქალაქელების აღშფოთებას, ბოლო პერიოდში სასმელი წყლის მოწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო. კომპანია GWP რუსთავში საკუთარ ფუნქციებს ჯეროვნად ვერ ასრულებს. დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ მუნიციპალური სერვისი ვერ მივაწოდეთ მოსახლეობას და დილით საბავშვო ბაღში მოსული 2 ათასამდე ბავშვი, უწყლობის გამო ვერ მივიღეთ. რაც ყველაზე მთავარია, ამის შესახებ წინასწარ არ იყო ინფორმირებული არც მოსახლეობა და არც ქალაქის მუნიციპალიტეტი.

თვეზე მეტია, ახალ რუსთავს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება, ბოლო 3 დღის განმავლობაში, მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას, სასმელი წყალი ფაქტიურად არ აქვს. კომპანიას არა მარტო წინასწარ არ გაუფრთხილებია მოსახლეობა, არამედ იმაზეც კი არ იზრუნეს, რომ უწყლოდ დარჩენილ უბნებში, სასმელი წყალი ცისტერნებით მაინც მიეწოდებინათ ხალხისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ რუსთავის წყალი კერძო კომპანიაა, მაქსიმალურად ვუწყობთ მათ ხელს და საკანალიზაციო სისტემების გასუფთავებას ისეთ ლოკაციებზეც ვახორციელებთ მუნიციპალური რესურსით, რასაც წესით "რუსთავის წყალი’’ თავად უნდა აკეთებდეს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.


რუსთავის მერი ამბობს, რომ GWP -ის წარმომადგენლობასთან შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება, უახლოეს საათებში, კი საგანგებო შეხვედრა რუსთავის წყლის წარმომადგენლებთან შედგება, სადაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უმწვავესი რეაქცია ექნებათ.

„იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი მერიის კომპეტენციას სცილდება, დღეიდან უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული. რუსთაველებს არ უნდა ექმნებოდეთ პრობლემა ისეთი ელემენტარული სერვისის მიღებაზე, როგორიც წყლის მიწოდებაა და თუ სამუშაოების გამო, სასმელი წყლის მიწოდება უწყდებათ, ამის შესახებ ინფორმაცია 15 წუთით ადრე არ უნდა მიიღონ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა