მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გზაა პრობლემა, რაც კურორტისთვის აუცილებელია" - გოდერძის ვილების მმართველი კომპანია

5e1dbb619f629
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.20 19:20
1722
"გზა არის, პირველ რიგში, პრობლემა, რაც კურორტ გოდერძისთვის აუცილებელია", - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო „მეტეოს“ და გოდერძის ვილების მმართველი კომპანიის „ხიდი 2006“-ის დირექტორმა ჯუმბერ ჭყონიამ კურორტის ინფრასტრუქტურულ მზაობასა და გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

მისი შეფასებით, მაღალმთიანი აჭარის კურორტი განვითარების საწყის ეტაპზეა, ამიტომ პირველ რიგში ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფაა აუცილებელი.

"ძალიან კარგია, რომ წელს კურორტზე გვაქვს გაზი, იმიტომ რომ ჩვენ რაც ობიექტები გავაკეთეთ გაზზე იყო გათვლილი, მაგრამ ტექნიკურად უფრო მეტად მთის პირობებში ვართ და ქვა-ნახშირზეც გვაქვს ალტერნატიული სისტემები მოწყობილი. კურორტ გოდერძიზე წყლის პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება კანალიზაციას, წელს მოხდა მისი მოწყობა, მაგრამ ეს მომავლი წლისთვის, სავარაუდოდ, აღარ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ მომავალი წლიდან 3 მსხვილი კომპანია აპირებს სასტუმროების გახსნას, რომლებიც 110 ნომერზე ქვემოთ არ იქნება და უკვე ეს გაყვანილობა საკმარისი აღარ იქნება“, - ამბობს „ხიდი 2006“-ის დირექტორი.

BM.GE-ის კითხვაზე - რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს კურორტი, ჯუმბერ ჭყონია პასუხობს, რომ უმთავრეს პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა წარმოადგენს.

„ალბათ, დაახლოებით, 3 წელი ჯერ კიდევ სჭირდება იმას, რომ სრულყოფილად ყველა კომპანიამ მოახერხოს დაგეგმილი ინვესტიციების ჩადება და პროექტების განხორციელება. აქედან გამომდინარე, პარალელურად ალბათ სახელმწიფოც იზრუნებს იმაზე, რომ მოწესრიგდეს ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას უქმნის დამსვენებლებს. გზა, საერთო ჯამში, ასფალტირებული არ არის კურორტზე, რომ ამის გაწმენდა ტექნიკურად სწორად მოხდეს, შესაბამისად, კურორტზე ამომსვლელ დამსვენებელს პრობლემა ექმნება. არ არის ისე, რომ ყველა მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ამოდიოდეს, მსუბუქ მანქანას უნდა შეეძლოს ამოსვლა, რაც წელს კი არა, წინა წლებშიც პრობლემა იყო. ალბათ  სახელმწიფო იზრუნებს ეტაპობრივად, იმიტომ რომ ამდენ ინვესტიციას როცა ახორციელებს კერძო სექტორი, ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული და გაკეთებული თუ იმის ამბიცია გვაქვს და გვინდა, რომ უცხოელი ტურისტები მივიღოთ და მათ სათანადო სერვისი შევთავაზოთ“, - აცხადებს ჯუბერ ჭყონია.

შეგახსენებთ: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. სამინისტროში bm.ge-ის უთხრეს, რომ სამუშაოები 2019 წლის მაისის ბოლოდან ინტენსიურად უნდა დაწყებულიყო.  გზების დეპარტამენტი კომპანიას გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო  დამკვეთისთვის არ წარუდგენია. ამ კომპანიას სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

„ხულო-ზარზმის გზის მოდერნიზაციის პროექტზე არის სუსტი პროგრესი, კომპანიისთვის დეპარტამენტის მხრიდან გაფრთხილება მიცემულია და უნდა გამოასწოროს სამუშაოების ტემპი“, - ასე უპასუხეს bm.ge-ის რეგიონული განვითარების და ინფრასტრქურის სამინისტროში შესაბამისი კითხვის პასუხად.