მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზები, წყალმომარაგება, გარე განათება - რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა ბაკურიანში?

637cc87e78855
მარიამ დემეტრაშვილი
22.11.22 23:00
901
თებერვალში ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. გამართულია თუ არა დაბაში ინფრასტრუქტურა, რომ გაზრდილ ტურისტულ ნაკადს გაუმკლავდეს? - ამ კითხვით BMG-მ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 2.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.

„ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენა მოწყობილია და ბორდიურებისა და ასფალტ-ბეტონის მეორე ფენის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა ტროტუარები, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ადგილობრივ გზებთან და შესასვლელებთან გაკეთდება მიერთებები, ხოლო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები“, - აცხადებენ სამინისტროში.

დიდველის კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.3 მილიონი ლარით ფინანსდება.

გარდა ამისა, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ბაკურიანში რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ძველ ღობეებს, ჭიშკრებს, მოეწყობა გამწვანება და განათება, მონტაჟდება გარე განათების ბოძები.

სამუშაოები განხორციელდა წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლადაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ბაკურიანისთვის წყლის უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს 13.5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები.

„დამატებით მოეწყო ჭაბურღილები, სატუმბი სადგურები, შეიცვალა აღრიცხვის კვანძები, რეაბილიტირდა წყლის სათავე ნაგებობა და საფილტრი სადგური. ამ სამუშაოების შედეგად, გაიზარდა წყლის დებიტი“, - გვითხრეს სამინისტროში.