მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დაზიანების ერთ­-ერთ მიზეზი დასაშვებზე ბევრად მძიმე ტვირთის გადაადგილებაა – აუდიტი

5eda87326d7b6
თამთა ჯიჯავაძე
05.06.20 23:12
1387
საავტომობილო გზების მდგომარეობის გაუარესების ერთ­-ერთ მიზეზია დასაშვებზე ბევრად მძიმე ტვირთის გადაადგილება, – ამის შესახებ საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტში წერია, კანონმდებლობის (საქართველოს მთავრობის დადგენილება, 2014) შესაბამისად, ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-­დანაწილებას. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასა და დეპარტამენტთან შეთანხმებით.

აუდიტი ასევე წერს, რომ შეთანხმებების გარეშე ზენორმატიული ტვირთის გატარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (კოდექსი), რაც განისაზღვრება თითო გადაჭარბებულ ტონაზე − 500-ლარიანი ჯარიმით.

"აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, ქვეყნის საზღვრების შიდა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან მიღებული განმარტებებით, გზის საფარს მნიშვნელოვნად აზიანებს დასაშვებ ნორმაზე მეტად დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება, რაც იწვევს დეფორმაციას და წარმოშობს ტალღოვან ზედაპირს. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება, უმეტესწილად, კარიერების მიმდებარე ტერიტორიებზე, საიდანაც მომავალი დატვირთული ტრანსპორტი არ შეესაბამება გზაზე მოძრაობის ნორმებს და აჭარბებს დასაშვებ წონას. მონიტორინგის სამსახური და მოვლა-­შენახვაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორები ვერ აღრიცხავენ საფარის დაზიანების გამომწვევ მიზეზებს, აქედან გამომდინარე, არ გააჩნიათ შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია", – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 19 ივნისის №2-14/6449 და №2-14/6450 წერილებით, გზების დეპარტამენტმა მიმართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებს, სადაც აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვნად იმატა კარიერებიდან მომავალი ზენორმატიულად დატვირთული მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებამ, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი დეფორმირდა, გაჩნდა ნაკვალევები, მათ შორის, ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთებზეც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტი სათანადო რეაგირებას ითხოვს შესაბამისი დანაყოფებისგან. თუმცა,  დეპარტამენტის შეფასებით, საპატრულო პოლიციის მიერ მსგავსი სამართალდამრღვევი მძღოლების დაჯარიმება ხორციელდება არარეგულარულად. 

2014−2018 წლებში შსს-ს მიერ დაჯარიმების 4,071 ფაქტი დაფიქსირდა.

"გამოკვლევას საჭიროებს 2016-2017 წლებში დაჯარიმებების მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზები. ამ ეტაპზე შეუძლებელია მხოლოდ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასდეს საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტიანობა დაჯარიმებების კუთხით, რამეთუ დეპარტამენტს არ გააჩნია რაიმე შესადარისი ინფორმაცია/სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ზემოთ ჩამოთვლილი 10 რეგიონიდან მხოლოდ იმერეთში ფიქსირდება ტვირთის დასაშვები წონის გადაჭარბების გამო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმება", – წერს აუდიტი და აღნიშნავს, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2016−2018 წლებში წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები ჯარიმები გამოწერა, რაც ნიშნავს, რომ ჯარიმის, როგორც პრევენციის მექანიზმის ეფექტიანი გამოყენება ვერ ხდება.