28.აგვისტო .2019 10:04

გზების დეპარტამენტი - ანაკლიის პორტის გზისა და რკინიგზის მშენებლობის ღირებულება ₾330 მლნ-ია

views 413
უკან

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ განმარტება გააკეთა. უწყების ინფორმაციით, პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზისა და რკინიგზის პროექტის წარდგენა 2019 წლის 2 ოქტომბერს მოხდება, რის შემდგომაც უშუალოდ მშენებელი კომპანიის შერჩევის პროცესი დაიწყება. 

ამასანავე, დეპარტამენტი აცხადებს, რომ პროექტის მშენებლობა დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე უშუალოდ პორტის ექსპლოატაცია დაიწყება, გზისა და რკინიგზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება კი ₾330 მილიონი იქნება.

"საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ახორციელებს. საპროექტო კომპანია „სმექი“, პროექტის სამუშაო ვარიანტს 2 ოქტომბერს წარმოადგენს, რის შემდეგაც ტენდერი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. 
პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭიროა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლის შესადგენად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიის შერჩევა დაიწყო. 

ინტერესის გამოხატვის ეტაპზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში, შემუშავებული უნდა ჰქონდეს მიწის შესყიდვისა და განსახლების მინიმუმ 2 სამოქმედო გეგმა (კერძო მესაკუთრეების/მოსარგებლეების არანაკლებ 400 მიწის ნაკვეთზე). 

დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@georoad.ge, არაუგვიანეს 2019 წლის 16 სექტემბრისა. 

გამოცდილებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე მოხდება კვალიფიცირებული კომპანიების სიის ჩამოყალიბება, რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ტექნიკური დავალება და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია. 

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა