მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების ნაცვლად გადაღებილი ფასადები - ბექა ლილუაშვილი “განახლებული რეგიონების” პროგრამას აფასებს

60a2a96506acc
BM.GE
17.05.21 22:44
1235
აპრილის ბოლოს საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა “განახლებული რეგიონები” წარადგინა, რომელიც ოთხ წელზეა გათვლილი. იმის მიუხედავად, რომ პროგრამით ნახევარი მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, მის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი სიტყვაც არ წერია. პროგრამის ბიუჯეტის შესახებ არსებობს მხოლოდ მთავრობის დადგენილება, რომელიც ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროებს პროგრამისთვის თანხების მობილიზებას ავალებს. “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას პარტიაში გადასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ “განახლებული რეგიონების” პროგრამა მხოლოდ წინასაარჩევნოდ შეკრული პროექტია.

“2021 წლის 26 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილება №185-დან სახელწოდებით: სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ". 

1. "[პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 მლნ ლარის ფარგლებში, მათ შორის, დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, 150 მლნ ლარი, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – 350 მლნ ლარი."

ეს ნიშნავს, რომ: დაპირებული 500 მლნ ლარიდან, 150 მლნ ლარი იქნება ვალი, რომელსაც სახელმწიფო აიღებს.

2. "სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს პროგრამის ნაწილობრივი დაფინანსება [2021 წლის] ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული ასიგნებებიდან არაუმეტეს 130 მლნ ლარის ფარგლებში"

ეს ნიშნავს, რომ: ვალის გარდა დარჩენილი 350 მლნ. ლარიდან, 130 მლნ ლარი (რაც დიდი ალბათობით წელს დაიხარჯება) გამოიყოფა ერთხელ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში არსებული ფინანსური სახსრებიდან. ანუ მოხდება 130 მლნ. ხარჯის რებრენდინგი. თანხები, რომელიც ბიუჯეტის კანონის მიხედვით უნდა დახარჯულიყო პირობითად გზების ასაშენებლად, ეხლა გაიღებება ფასადები და დაფინანსდება სხვა, წინა "საარჩევნოდ მნიშვნელოვანი" პროექტები.

3. "დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 მლნ. ლარის მობილიზების თაობაზე."

ეს ნიშნავს, რომ: ვალისა და უკვე დამტკიცებული (გამოყოფილი) ფულის ახლებურად "გამოყენების" გარდა დარჩენილი 220 მლნ. ლარიდან, 90 მლნ. დაფინანსდება სხვადასხვა სახელმწიფო სსიპ-ების ნაშთებიდან, რომელთა დიდი ნაწილი პანდემიის გამო, ისედაც შემოსავლების ნაკლებობას განიცდიდა. ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ამ სსიპ-ებისთვის სხვადასხვა საოპერაციო პრობლემების შექმნას.

4. "დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დამტკიცებული პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ."

ეს ნიშნავს, რომ: ვალის, უკვე გამოყოფილი თანხების ვითომ ახლიდან გამოყოფის და სსიპ-ების დანაზოგების გარდა დარჩენილი 130 მლნ. ლარის დაფინანსების წყაროებზე რაიმე წარმოდგენაც კი არ არსებობს დღეის მდგომარეობით, თუმცა ამავე დოკუმენტში იკითხება შემდეგი:

5. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები."

ეს ნიშნავს, რომ: "განახლების პროგრამა" გაგრძელდება მომდევნო არაერთი წელი, რამეთუ რეალურად არც ამ მოცულობის ვალის და არც სსიპ-ების დანაზოგების წლის ბოლომდე მობილიზების რესურსი არ არსებობს და ეს "განახლების" პროგრამა დარჩება წლის დასაწყისში დასახარჯად ისედაც გამზადებული 130 მლნ. ლარის და სსიპ-ებიდან 30-40 მლნ. დანაზოგების ამარააა,”- წერს დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით:

მთავრობის მიერ 26 აპრილს მიღებული დადგენილების თანახმად, წელს ამ პროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 130 მილიონი ლარი, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი მისი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფარავს. ბიუჯეტის შიდა რეკლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი 130 მილიონი ლარის გარდა, პროექტისთვის 2021 წელს განსაზღვრულია კიდევ 90 მილიონი ლარი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა ჩაურიცხოს. შესაბამისად, ჯამში "განახლებული რეგიონების" ფარგლებში თვითმმართველობის არჩევნების წელს 240 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგემება.