30.სექტემბერი .2022 20:00

HACCP-ის დანერგვის შემდეგი ეტაპი შესაძლოა გადავადდეს - სეს-ის განმარტება

HACCP-ის დანერგვის შემდეგი ეტაპი შესაძლოა გადავადდეს - სეს-ის განმარტება
views 426
უკან

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვის შემდეგი ეტაპი შეიძლება 2023 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 1 ივნისამდე გადავადდეს. შესაბამის ცვლილებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს. 

ამჟამად HACCP-ის დანერგვის ვალდებულება აქვთ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას; რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებენ სურსათის წარმოებას/გადამუშავებას და რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას ახორციელებენ.

ყველა სხვა ბიზნესოპერატორისათვის კი HACCP 2023 წლის 1 ივნისიდან უნდა გახდეს სავალდებულო, ესენია მაგალითად შემდეგი პროდუქციის მწარმოებლები:

• პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის;
• ნატურალური და მინერალური წყლის;
• უალკოჰოლო სასმელების;
• მცენარეული პროდუქტებიდან დამზადებული კონსერვების;
• მცენარეული ნედლეულიდან მზა სურსათის წარმოების და სხვა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რეგულაციის ამოქმედების გადავადების პროექტი არსებობს, თუმცა უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„ჩვენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას ყოველთვის ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციით, მათთან ერთად მსჯელობით ვღებულობთ ხოლმე და სამომავლო პროექტი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დარჩენილი სექტორისთვის HACCP-ის გადავადება, ეს არის მხოლოდ პროექტი, რომელიც განხილვის სტადიაშია და განიხილება აუცილებლად ბიზნეს სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად“-განმარტავს ვასილ ბასილაძე.

ინფორმაციისთვის, momxmarebeli.ge-მ საჯარო მიმართვა გაავრცელა, სადაც ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თანმიმდევრულად განახორციელოს სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში აამოქმედოს HACCP-ის დანერგვის ვალდებულება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა