მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰარცელი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა, ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდის

5dcd091e208ca
შოთა ტყეშელაშვილი
14.11.19 11:52
1169
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ჰარცელის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი უარს იტყვის, ეს გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. 

"ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს.

თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართე ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება, ნაცვლად 2024 წლისა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას კი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის ამ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. კანონპროექტის კენჭისყრა პარლამებტში ორჯერ გადაიდო. 

დეპუტატებმა ცვლილებებს კენჭი დღეს უნდა უყარონ.