მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესები ბორჯომსა და გუდამაყარში - პროექტები, რომლებზეც სამინისტრომ ნებართვა არ გასცა

60194d65148fe
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.21 17:10
1037
ბორჯომსა და გუდამაყარში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემაზე უარი თქვა - ამის შესახებ უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ნებართვის გაცემის პროცესში დეტალურად სწავლობენ თითოეული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს და გადაწყვეტილებებს ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების გაცემას. სამინისტრო უკომპრომისოა, როდესაც საქმე ეხება გარემოზე შეუქცევად ზემოქმედებას და რეალურ საფრთხეებს. აღნიშნულს ადასტურებს ორი ჰესის მშენებლობაზე სამინისტროს მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილება - ერთი ბორჯომში, სადაც ჰესის და მისი სადერივაციო არხის მშენებლობა ეწინააღმდეგებოდა წარმოდგენილ ტერიტორიაზე გავრცელებულ რეჟიმს და არსებობდა იქ არსებულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედების რისკები და მეორე გუდამაყარში, სადაც მდინარე არაგვზე მშენებარე ჰესები ბუნებრივ ლანდშაფტების პირველად სახეს ცვლიდა და დაცულ ტერიტორიებს სტატუსს უკარგავდა," - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ დღეს ვრცელი განცხადება "ნამახვან ჰესზე" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელა. უწყება აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სამინისტრომ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არსებული ნორმების დარღვევით გასცა.

"გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ნებისმიერი მასშტაბური თუ მცირე პროექტის განხორციელების დროს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. 2020 წელს, სამინისტროს მიერ ქვემო ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) გაცემას წინ უძღოდა დეტალური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საველე კვლევები, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ბიომრავალფეროვნების და სხვა მიმართულებებით. პროექტის შესწავლის პროცესი იყო ხანგრძლივი. პროცესში ჩართული იყვნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სხვადასხვა დარგის როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ექსპერტების შეფასებების და დასკვნების საფუძველზე, პროექტის პირველად ვარიანტში გარკვეული ცვლილებები რამოდენიმეჯერ შევიდა. თავდაპირველი პროექტი მოიცავდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას. დეტალური კვლევების და შეფასებების გათვალისწინებით, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების საკითხებს დაეთმო, პროექტში შევიდა ცვლილება; 2015 წელს შესაბამისი ნებართვები გაცემულია ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. მოგვიანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰესების კასკადის თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანის და ოპტიმიზაციის თაობაზე, რასაც წინ უძღოდა საპროექტო არეალში საველე დაკვირვებების საფუძველზე დამატებით ჩატარებული კვლევები. 2020 წელს სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტზე. აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რისკები კიდევ უფრო მინიმუმამდეა დაყვანილი.

რაც შეეხება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებს, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა სხვადასხვა დაინტერსებული ორგანიზაციის მიერ. გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, სამინისტრომ გაცემული გადაწყვეტილებით და შესაბამისი პირობების დადგენით ერთგვარად მინიმუმამდე დაიყვანა როგორც სამშენებლო საქმიანობის, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი შესაძლო რისკები შესაბამისად ამ საკითხზე სპეკულირება ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია," - ნათქვამია განცხადებაში. 

მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი აპროტესტებს. გასული წლის 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან "ნამახვანიჰესის" ინვესტორის - კომპანიის „ენკას“ წასვლას ითხოვენ. 

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.