მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესების შესახებ პრემიერის ბოლო განცხადება ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია - აბრამიშვილი

624d980770b1d
მარიამ ვარადაშვილი
06.04.22 22:15
989
მიმდინარე კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა აშენდეს. „უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის“ - აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო წლებია საქართველოში ჰესების მშენებლობას არასამთავრობო თუ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ, რის გამოც მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტები ვერ ხორციელდება. უშუალოდ ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდს უკავშირდება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ჯერ გაჩერება, შემდეგ კი ინვესტორის გასვლა.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი პრემიერის ბოლო განცხადებას ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე ინვესტორებისთვის პოზიტიურ სიგნალს უწოდებს.

“წარსულზე ლაპარაკს ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, ჰესების პროექტების გაჩერებაში ყველას მიუძღვის წვლილი, მათ შორის ოპოზიციას, მედიას და ხელისუფლებასაც. მახსოვს თუნდაც ნამახვანთან დაკავშირებით როგორი აჟიოტაჟი იყო. ახლა მგონია, რომ უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ერთადერთი განახლებადი რესურსი, რაც გაგვაჩნია, ძირითადად წყალი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს და ამას მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოჰყვეს, რათა ინვესტორებთან მუშაობა დავიწყოთ. ვიმეორებ, მთავარია ამ განცხადებას მოჰყვეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს. ჩემთვის ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”,-ამბობს აბრამიშვილი.

BMG დაინტერესდა ჰესებთან დაკავშირებით პრემიერის ბოლო განცხადებას წინ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება უძღოდა, თუ ჯერ მხოლოდ “პოზიტიური სიგნალია”.

“ბიზნესი ხედავს რომ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ენერგეტიკას კურირებს, ძალიან გააქტიურებულია. აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან იმაზე, რომ საკანონმდებლო ბაზა გამოსწორდეს და გაუმჯობესდეს. არაერთხელ გვისაუბრია ქონების გადასახადის დეცენტრალიზებაზე და ამაზეც მუშაობა გააქტიურდა. ასევე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა ხელშეწყობის ინსტრუმენტზე ვმუშაობთ. სამინისტროსა და ჩვენს ასოციაციას შორის მუშაობა ხელშეწყობის ინსტრუმენტების ისე დახვეწაზე მიმდინარეობს, რომ ერთი მხრივ ქვეყანა არ დაზარალდეს, ხოლო მეორე მხრივ ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა გაგრძელდეს. ეს იმისთვის კეთდება, რომ დავიწყოთ გამოსვლა იმ რთული მდგომარეობიდან, რაც ენერგოდამოკიდებულებაა, და რომელიც ჩვენს მეზობლებზე, განსაკუთრებით კი რუსეთზე გვაქვს ”, - აცხადებს აბრამიშვილი.