მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰესებზე მოსახლეობის სწორი ინფორმირება აუცილებელია, თუმცა ხანდახან კომპანიებიც სცოდავენ”

5fdca9a2ab512
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.20 13:11
1104
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი მაია ბითაძე აცხადებს, რომ თუ დიდი ჰესების პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა პროცესის დასაწყისშივე სწორად იქნება ინფორმირებული, მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევა ბევრად მარტივი იქნება და გაუგებრობებსაც ავიცილებთ თავიდან.

ბითაძე ამბობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების დამფინანსებლები ხშირად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომლებსაც რეალურად იმაზე მკაცრი გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვთ, ვიდრე საქართველოშია.

“მაშინ რა იწვევს გაუგებრობას? - ამას იწვევს, როცა არაინფორმირებული ხარ, ან ჭორის დონეზე იცი რაღაც…”,- ამბობს მაია ბითაძე.

მისივე თქმით, საქართველოსაც აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას იმეორებს. განახლებული დოკუმენტი დაახლოებით 2 წელია მოქმედებს, თუმცა, ბითაძე ამბობს, რომ ფაქტია, გარკვეული ხარვეზები აქაც არსებობს და “რაღაცები გამოსაწორებელია”.

“ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის - ყოველთვის არის ორი მხარე- მომხრე და მოწინააღმდეგე - ყოველთვის საჭიროა, რომ შუალედი იყოს დაჭერილი.

თუ ადგილობრივი მოსახლეობა საწყის ეტაპზევეა პროცესებში ჩართული, ყოველთვის არის რესურსი, რომ ჯანსაღი და სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

თუმცა, ხანდახან კომპანიებიც სცოდავენ. მაგალითად, როდესაც მდინარის წყლის ათვისება მოთხოვნილი აქვთ გარკვეული პროცენტულობით და უფრო მეტს იღებენ, რის გამოც თევზსავალი გზები ზიანდება”,- აცხადებს ბითაძე და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მოსახლეობის სწორი ინფორმირება.

კითხვაზე, ვისი ვალდებულებაა ეს, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი კანონმდებლობით ეს სახელმწიფოს ევალება. მისი აზრით, ამ კონტექსტში ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განსაკუთრებით გასაძლიერებელია.