21.ივლისი .2020 15:52

ჰოჯესი – ბათუმის პორტის ტერმინალზე: „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“

views 355
უკან

ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, ბათუმის პორტის ტერმინალი „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, ნიშნავს, რომ ვაშინგტონი და ევროპა მეტ ყურადღებას დაუთმობენ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს და რუსეთს გაურთულდება, განაგრძოს უკანონო ქმედებები.

„კრემლმა იცის, რომ თუ აშშ და ევროპული ქვეყნები საქართველოში დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, ეს სახელმწიფოები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ უსაფრთხოების კუთხით რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, მაგალითად, როგორიცაა უკანონო ოკუპაცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში დღემდე გრძელდება. ამასთან, ისინი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიული წყლებისა და ყირიმის გარშემო ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე. ეს გაზრდილი ყურადღება და ინტერესი კი რუსეთს გაურთულებს, გააგრძელოს უკანონო მოქმედებები შავი ზღვის რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ კრემლის ზეგავლენით ქვეყანაში დასავლეთის ბიზნესის განვითარებას ხელი შეუშალა. ამას კი მხოლოდ ზიანი მოაქვს ქართველი ხალხისთვის“, – განაცხდა ჰოჯესმა.

კითხვაზე, ბათუმის პორტის ტერმინალი ანაკლიის პროექტთან ერთად, დაეხმარება თუ არა საქართველოს ნატო–სთან უფრო დაახლოებაში და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში?“, ამერიკელმა გენერალმა შემდეგი განაცხადა:

„რა თქმა უნდა, მაგრამ, დასავლეთის ინვესტიციებით საქართველოს ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ქვეყანაში სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობაზე. საქართველოს ხელშია, შექმნას ქვეყანაში ასეთი გარემო“.

მისივე თქმით, აშშ მოელის, რომ საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს:

„კონგრესის კომიტეტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების კანონპროექტი. ეს არის გზავნილი, რომ აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება და რომ ჩვენ ვაფასებთ ამ ურთიერთობას. ამასთან, ნიშნავს, რომ გვაქვს მოლოდინი, საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ბოროტულ ზეგავლენას (კორუფცია, დეზინფორმაცია და მუქარები). ამ კუთხით მარცხის მაგალითი ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებაა, რომელმაც სწორედ კრემლის ზეგავლენის გამო ვერ წაიწია წინ. აშშ–ის კონგრესი მოელის, რომ ქვეყანაში იქნება უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და გამჭვირვალეობა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის ზეგავლენას და იმ ზოგიერთ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომელიც ამ ზეგავლენის მომხრეა“.

ცნობისთვის: ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობას კომპანია “Wondernet Exspress Investment Group” და ამერიკული უმსხვილესი ტრეიდული კომპანია “Trammo” ახორციელებენ. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოსთვის იგი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება.

„ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიების სიაში 56-ე ადგილს იკავებს.
NS