მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა - მიზეზი "ლოქდაუნია"

6013b7728c2ae
შოთა ტყეშელაშვილი
29.01.21 11:22
772
2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა, ამ ვარდნის მიზეზი ქვეყანაში დაწესებული ახალი ლოქდაუნი გახდა, რის გამოც ათასობით სავაჭრო და მომსახურების ობიექტი იძულებით დაიხურა. დეკემბერში არსებულმა კლებამ მთლიანად 2020 წლის შედეგებზეც იმოქმედა, რის გამოც, გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა. 

კვარტლების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ასეთი შედეგი იყო:

1 კვარტალი - 2.3%-იანი ზრდა; 
2 კვარტალი - 13.2%-იანი ვარდნა;
3 კვარტალი - 5.6%-იანი ვარდნა;
4 კვარტალი - 6.5%-იანი ვარდნა. 

"2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 8.55 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.1%-ით არის შემცირებული. დეკემბერში, ასევე, 6.3%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც.

ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა იანვარ-დეკემბერში 12%-ით შემცირებულმა ექსპორტმა. 

ეკონომიკური ვარდნის მიზეზებზე უფრო ვრცლად ბრიფინგს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე მართავს.