მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე - რა გეგმა აქვს მთავრობას?

621ccadd0597d
ინგა მურუსიძე
28.02.22 17:20
881
"ჩვენ მიერ შემუშავებულ ზომებს ავამოქმედებთ სიტუაციის მიხედვით, რაც ქართულ ბიზნესს ზიანის შემცირებაში დაეხმარება", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMG-ს კითხვას, რომელიც ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მიმდინარე ომის საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესსექტორზე ნეგატიური გავლენის შემცირების გზებს შეეხებოდა.

„მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ეროვნულ ბანკთან ერთად, რამდენიმე სცენარი გვაქვს გაანალიზებული. სიტუაციის მიხედვით იმ ზომებს ავამოქმედებთ, რაც ქართულ ბიზნესს მხარდაჭერას გამოუცხადებს, რომ შევამციროთ ზიანი, რაც გამოწვეულია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე. ბაზრების დივერსიფიცირებას რაც შეეხება, რაღაც პროდუქტებში მათ შორის, მაგალითად, მინერალები და ა.შ. შეიძლება ალტერნატივები გამოვნახოთ, მაგრამ არსებობს პროდუქტები, აგროსექტორიდან, რომელიც მგრძნობიარე კატეგორიაა და ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ალტერნატიული ბაზრების მონახვა ადვილი არ არის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მოვლენების განვითარების შესაბამისად, მომზადებულ ეკონომიკურ სცენარებზე დღეს დეტალურად არ ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ რადგან რუსეთიც და უკრაინაც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორებია და ამ ქვეყნებზე საგარეო ვაჭრობის მეხუთედი მოდის, პროცესებს გავლენა საქართველოზეც ექნება.

„ეკონომიკის დიდი ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ სამწუხარო პროცესები, რომელიც მიდის, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. ცალსახაა, რომ მოგვიწევს გარკვეული კორექტივები იმ პროცესში, რომ აღდგენის ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო, გაგრძელდეს და ქვეყანა მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით გამოვიყვანოთ 2022 წელს.

ყველაფრის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან არ ვიცით მოვლენები რა მასშტაბით გაგრძელდება, თუმცა იმ სანქციების პაკეტიდან გამომდინარე, რაც უკვე არსებობს, გვაქვს ჩვენი პროგნოზები და მათ შორის ძალიან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობს ეკონომიკური გუნდი, რათა ამაზე საპასუხო გეგმა გვქონდეს.

არსებობს ვერსიები და ამ ვერსიების სხვადასხვა მიმართულებას გამოვიყენებთ იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ გვქონდეს ალტერნატიული გეგმები ამ გამოწვევებზე საპასუხოდ", - თქვა მინისტრმა.