მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი მთავრობას ენერგოსექტორის მეტი ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

6259620b34806
ნინო ტაბატაძე
17.04.22 09:30
1131
„ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი მთავრობას ენერგოსექტორის მეტი ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. მამუკა მიქაშავიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება: „მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში“- დროულია და შესაძლოა, სექტორის მასტიმულირებელი გახდეს.

„ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არაერთი პროექტია გაჩერებული, როგორც ქარის ელექტროსადგურების, ასევე - ჰესების.

„კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, ენერგეტიკაში დამოკიდებული ვართ იმპორტზე; იმპორტი რომ შეაჩერონ, რად გვინდა ტანკები და ბომბები - ყველაფერი გაჩერდება. ელექტროენერგიის გარეშე ვერაფერი იმუშავებს და ვის დასჭირდება ომი... მე ხშირად ვსაუბრობ ქარზე, მაგრამ არის ჰიდროენერგია, სადაც უკეთესი სპეციალისტები გვყავს. ჰესები უნდა აშენდეს.

ნამახვანჰესი, ხუდონჰესი - ყველა ასაშენებელია. შესაძლოა არ იყოს ასეთი დიდი, შემცირდეს მასშტაბი, გაითვალისწინონ მოსახლეობის მოთხოვნების ნაწილი, 700 მეგავატი თუ არა, 400 მეგავატი გაკეთდეს, ბუნების მინიმალური დაზიანებით, მაგრამ უნდა აშენდეს; ეს ობიექტები ძალიან საჭიროა. ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება“, - აღნიშნავს მამუკა მიქაშავიძე.

ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს სათბურის აირების გამოყოფის შემცირებაზე ვალდებულება აქვს აღებული, რაც მას განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობას ავალდებულებს, თუმცა ხელშეწყობის ნაცვლად შეჩერდა ქარის, მზის და ჰესების პროექტები და ამავე პერიოდში 2 ახალი თბოსადგური გაიხსნა.

"ქარის ენერგიის ასოციაციის" პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერის განცხადებას მოჰყვა სწორედ ქარის ელექტროსადგურებისთვის გენერატორების საწარმოს პროექტის წარდგენა.

ამ პროექტით დაინტერესებულია სახელმწიფო, რომელთანაც გაფორმებულია PPP კონტრაქტი.