მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოსპიტალური სისტემა 2013 წლის ტარიფებით მუშაობს, მას შემდეგ ტარიფები არ გადახედილა - "ავერსის კლინიკა"

6259b4990d9df
ალა ისპირიანი
15.04.22 23:21
1421
"ავერსის კლინიკის" დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ჯანდაცვის ჰოსპიტალური სისტემა ძველი ტარიფებით მუშაობს, რაც აუცილებლად გადასახედია.

როგორც იგი გადაცემა Forbes Health-ში განმარტავს, იგივე ტარიფების დარჩენის შემთხვევაში კლინიკებს პაციენტისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა გაუჭირდებათ.

„ჯანდაცვის ჰოსპიტალური სისტემა მუშაობს 2012-2013 წლის ტარიფებით და ამ პერიოდის შემდეგ ტარიფები არ გადახედილა. როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო მაშინ ჩანაწერი იყო, რომ ჩვენ უფლება გვქონდა არსებულ ისტორიულ მინიმუმზე 10%-იანი ფასნამატი გაგვეკეთებინა და ეს ისტორიული მინიმუმი 2010 -2011 წლებში შედგენილი ტარიფები იყო და ამ ტარიფებს 10% დაემატა და დღეს პრაქტიკულად იმ ტარიფებით ვმუშაობთ. როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ვმუშაობდით, (წინა მთავრობის ჯანდაცვა განსხვავებული მოდელი იყო), მთელი თანხა კერძო სადაზღვევო კომპანიებში იყო მობილიზებული და დაფინანსება იქიდან ხდებოდა. ტარიფები ბევრად დაბალი იყო. კონკურენცია იყო ისეთი, რომ იძულებული ვიყავით დაბალი ფასებით გვემუშავა. ამის შემდეგ ფასები არ შეცვლილა. დღევანდელი ფასები ოდნავადაც ვერ ასახავს მოთხოვნებს.

რაც შეეხება 520-ე დადგენილებას, ამ დადგენილებით შედგენილი ტარიფები დათვლილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. დავანებოთ იმას თავი რამდენად სწორი და სამართლიანი იყო დათვლის პრინციპი. მივიღოთ მხედველობაში მხოლოდ ის, რომ მას შემდეგ რაც ეს დადგენილება ძალაში შევიდა, ქვეყანაში რა შეიცვალა, მაგალითად, რამდენად მოხდა ლარის კურსის ცვლილება, რამდენად გაიზარდა კომუნალური ხარჯები და ა.შ. ანუ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ინდექსაცია მოხდეს ამას განსაკუთრებული დათვლა და ფიქრი არ სჭირდება. ელემენტარული საკითხებია გასათვალისწინებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას ძალიან გაუჭირდება პაციენტისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა“, - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.

ცნობისთვის, 520-ე დადგენილება ძალაში 2019 წელს შევიდა. დადგენილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კლინიკაში მსგავს მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებას ეხება. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე თავად დაუდგინა.