მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოსპიტლების სექტორი ფინანსური კრიზისის ზღვარზეა - კლინიკები ტარიფების შეცვლას ითხოვენ

62ced4193e59c
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.22 19:50
782
საქართველოში არსებული კლინიკები ფინანსური კრიზისის ზღვარზე არიან. დღეს ქვეყანაში არსებულმა 100-მდე ჰოსპიტალმა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით მიმართა და სექტორში არსებული გამოწვევის მოგვარებისკენ მოუწოდა. საქმე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ტარიფებს ეხება, რომელიც ფაქტობრივად 2013 წლიდან უცვლელია. ამას ემატება 2019 წელს მიღებული 520-ე დადგენილების ეფექტი, რომელმაც კონკრეტული მიმართულებებით სატარიფო პაკეტები შეამცირა.

კლინიკები ერთობლივ წერილში აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების მოცულობა მათ ხარჯებს ვეღარ ფარავს.

ყველაზე პერსპექტიული ალტერნატივა, რაც ამჟამად სატარიფო ცვლილებების მიმართულებით არსებობს, ე.წ. DRG პრინციპებზე მორგებული ტარიფების დანერგვაა. სწორედ ამ საკითხის შესახებ საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავარი არის არა ის, რომ განცხადებას ხელი 100-მდე კლინიკამ მოაწერა, არამედ მთავარია ის, რომ თუკი აუცილებელი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ამ 100 კლინიკის მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისის ხარისხი შემცირდება.

“კლინიკების განცხადება ალბათ არის ბოლო წვეთი, რადგან დიდი ხანია უკვე მწიფდება და ამაზე საუბარი მიდის. მივდივართ უკვე იქამდე, რომ გარდაუვალი ხდება რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ეს პრობლემები ახალი არაა და ამ პრობლემებს ვაგროვებთ 10 წელია, 10 თუ არა, 6 წელი ნამდვილად ასეა, კოვიდის წლებს თუ გამოვთიშავთ.

მე მესმის ხოლმე, რომ DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფი არის სხვა რამ და ტარიფი არის სხვა რამ, მაგრამ ნამდვილად არაა ასე. DRG არის სისტემა, რომელიც შემთხვევებს აჯგუფებს არა 33,000 პროდუქტად, არამედ 600 პროდუქტად და მათ აქვთ ტარიფი. ეს ორივე ერთი და იგივეა და არ მინდა, რომ ეს ცალ-ცალკე აღიქვას მაყურებელმა თუ სექტორმა.

გაკეთებადია, რომ წლის ბოლომდე DRG-ზე და ახალ ტარიფზე გადასვლა, თანამედროვე ეკონომიკაზე მორგებულ ტარიფზე, და არა 520-ე დადგენილებაზე და ხელოვნურად დადაბლებულ ტარიფზე, არამედ იმ რეალურ ტარიფზე, რაშიც ეს სექტორი მუშაობს. არიან დაწესებულებები, რომლებმაც 2020-2021 წლებშიც კი მოგება აჩვენეს და ამ დაწესებულებების მაჩვენებლების გამოყენებით, შეიძლება ამის ისე გაკეთება მოკლე ვადაში, რომ საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ისეთ კრიტიკულ ვითარებაში არ ვიყოთ, რომ კლინიკები საუბრობდნენ სექტორიდან გასვლაზე.

მინდა მივმართო ამ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა იყო პოლიტიკური პრიორიტეტი და შევახსენებ, რომ 2017 წლამდე ყოველი ნოემბრის თვეში 80-90 მილიონ ლარს ვამატებდით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იმიტომ რომ ეს სიკეთე ხალხისთვის მიგვეწოდებინა და შეგვენარჩუნებინა. 2017 წლის შემდეგ ეს ტენდენცია შეჩერდა და ჯანდაცვაში ჩადებული ფული შეიძლება აბსოლუტურ გამოსახულებაში დიდი ჩანს, მაგრამ ეკონომიკასთან და მშპ-სთან მიმართებაში, ის მცირდება.

დავუბრუნდეთ ამ პოლიტიკურ პრიორიტეტს - ჯანდაცვას. აქ მთავარი ის კი არ არის, ამ 100-მა კლინიკამ რა თქვა განცხადებაში, მთავარია ის, რომ ამ 100 კლინიკაში რომ მომხმარებელი მიდის, მათ სამედიცინო მომსახურებას ემუქრება საფრთხე. ვერ მიიღებენ ადეკვატურ მომსახურებას, ნაცვლად იმისა, რომ 10 პაციენტზე იყოს ერთი ექთანი, ჩვენ იქ დაგხვდება 30 პაციენტზე ერთი ექთანი, რადგან ამ სექტორს ხარჯების შემცირება მოუწევს და ეს გადაითარგმნება ისევ ხარისხში,”- განაცხადა გიორგი გოცაძემ.

გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში საკითხის შესახებ ღია წერილის ერთ-ერთმა ხელისმომწერმა, “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია წლის ბოლომდე სამედიცინო სერვისების ტარიფების განახლების მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას . ქიტოშვილი აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებმა არ უნდა დაიგვიანოს, რადგანაც არაერთი კლინიკა, განსაკუთრებით რეგიონული ჰოსპიტლები, ფუნქციონირების შეწყვეტის რისკის წინაშე დგანან.

“DRG სისტემის შემუშავებაში ჩვენ მეტნაკლებად ვიღებთ მონაწილეობას და ვართ ზოგად პრინციპებში ჩართული, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია დროში ხანგრძლივი პროცესია და წარმატებით დაგეგმვის შემთხვევაში, შედეგის მომტანი შეიძლება იყოს, თუმცა ჯერ იმაზე მსჯელობა, საბოლოო ჯამში როგორ ფორმირდება და რა შედეგის მომტანი იქნება, ძნელია. თუმცა ცალსახაა, რომ ეს დროში სწრაფად ვერ დასრულდება.

ვფიქრობთ, რომ DRG-ის გაშვებამდე აუცილებელია სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დღეს დარგს წარმოუდგენლად სჭირდება.

რეგიონების კლინიკები რომ ავიღოთ, მიწოდებული სერვისების დაახლოებით 80% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია, ანუ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მიღებული მთლიანი შემოსავლის 60%-ზე მეტი ნაწილდება მედ პერსონალზე სახელფასო ანაზღაურების სახით. ეს ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი ნაწილია, რაც თვითღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამას ემატება მთელი რიგი მიმდინარე ხარჯები, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ სისტემას და იმ სტრუქტურას, რომ ბიზნესი ზარალიანია და ხშირ შემთხვევაში გაჩერება ზოგიერთი კლინიკის უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ფუნქციონირება,”- განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა.

DRG ტარიფების შესახებ “საქმის კურსთან” განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომელმაც განაცხადა, რომ სამინისტრო DRG ტარიფების დანერგვას წელსვე განიხილავს.

„გასაგებია, რომ გარკვეული ფასის მატება გარკვეული მიმართულებებით მოხდა, თუმცა ისევ და ისევ დღეს მნიშვნელოვანია სწორად ჩამოვყალიბდეთ DRG-ი პრინციპზე, საითაც მივდივართ და ფრაგმენტული ინტერვენციებით არ გამოვიწვიოთ დამატებითი დაბნეულობა ამ პროცესში. სტრატეგია განსაზღვრულია, ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობთ, საკონსულტაციო პროცესი ეფექტიანად გაგრძელდება იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის და შესაძლოა, უფრო ადრე DRG დაიწყოს და დაინერგოს“, - განაცხადა გაბუნიამ.