31.ივლისი .2020 09:00

"რითეილ გრუპ ჯორჯია": გაყიდვები 20%-30%-ით არის შემცირებული

views 407
უკან

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“  გაყიდვები შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-30%-ით არის შემცირებული - განუცხადა BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა.

მისი თქმით, კომპანიაში გაყიდვების კლების უფრო პესიმისტური პროგნოზები ჰქონდათ, რაც არ გამართლდა.

„ველოდი, რომ გაყიდვები განახევრდებოდა. 20%-30%-იანი კლება ჩვეულებრივი სიტუაციისთვის კატასტროფული იქნებოდა, მაგრამ კოვიდ პანდემიის პირობებში ატანადია. მით უფრო მაშინ, როდესაც კრიზისის ფონზე ხარჯების შემცირების კუთხით ყველამ გარკვეული ღონისძიებები ჩავატარეთ, მოვილაპარაკეთ სავაჭრო ცენტრებთან, სახელმწიფოსგან მივიღეთ შეღავათები... შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ეს მდგომარეობა გადატანადია, თუმცა ასეთ პირობებში გრძელვადიანად ვერც ერთი ბიზნესი ნორმალურად ვერ იფუნქციონირებს. ასე ვთქვათ ჩვენ დრო ვიყიდეთ, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამომძვრალიყავით, რასაც საკმაოდ კარგად ვაკეთებთ“, - აღნიშნა „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა.

რეზო მაღალაშვილი გაყიდვების შემცირების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: „გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, როდესაც ადამიანები სეზონურ ტანსაცმელს ყიდულობენ გარდერობის გასაახლებლად, ჩავარდა; როდესაც გავიხსენით უკვე ფასდაკლების პერიოდი იყო და მომხმარებელიც ამ დროს მხოლოდ ფასდაკლებით ყიდულობს ტანსაცმელს.

აქ კიდევ არის მეორე ფაქტორი, მაგალითად, ის, რომ ჩვენთან შიდა ტურიზმი გააქტიურდა, მომხმარებლები გადიან ქალაქიდან, ხოლო ჩვენი მაღაზზიები თბილისშია განლაგებული. წინა წლებში ამას ყოველთვის გვიკომპენსირებდა უცხოელი ტურისტი, რომელიც თბილისში ჩამოდიოდა დასასვენებლად, ასე რომ ეს ფაქტორიც მოქმედებს“, - განამარტა კომპანიის დირექტორმა.

აქედან გამომდინარე რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ წლის მეორე ნახევართან მიმართებაში პოზიტიური მოლოდინები აქვს, თუმცა კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, რა მაჩვენებლებით დაასრულებს კომპანია 2020 წელს, უჭირს.

„რეალურ სურათს დავინახვათ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, რომელიც 15 აგვისტოდან დაიწყება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სწორედ ეს პერიოდი განსაზღვრავს რეალურ სურათს.

ამასთან ვფიქრობ, რომ სექტემბერში მოსახლეობის დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ შემოდგომა-ზამთრის სეზონი უფრო ძლიერი იქნება“, - უთხრა BM.GE-ის რეზო მაღალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ საქართველოს ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა "ზარა", "მარქ&სპენსერი", "ბერშკა", "მასიმო დუტი", "ფულ&ბეარი", "სტრადივარიუსი" და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა