მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სექტორი ამანათების განბაჟების ზღვრის გაზრდის ინიციატივას მხარს არ უჭერს

62c7f09c1decc
გიორგი თოლორდავა
09.07.22 17:14
7677

საქართველოს პარლამენტში ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლოა, გადასახადისგან გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი, ნაცვლად 300-ლარიანი ღირებულებისა. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ცვლილება დადებითად აისახება მცირე მეწარმეებზე, თუმცა კანონპროექტს ადგილობრივი ბიზნეს სექტორის მხრიდან დადებითი შეფასება არ მოჰყოლია.

კომპანია IG Development Georgia, რომელიც თბილისის მასშტაბით უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებს - „სითი მოლ საბურთალოს“ და „სითი მოლ გლდანს“ ფლობს, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ განბაჟების ზღვრის 300-ლარიანი ნიშნულიდან 700 ლარამდე გაზრდა მნიშვნელოვნად დააზიანებს ადგილობრივ ბაზარს, ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესს, რადგან საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილი კომპანიები არასამართლიანი კონკურენციის პირობებში აღმოჩნდებიან, ვინაიდან, მათ გადასახადების გადახდა 1-დან 700 ლარამდე ღირებულების პროდუქციის იმპორტზეც სრულად უწევთ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ბაზარზე გაიზრდება ისეთი მოთამაშეების რაოდენობა, რომლებიც თავს აარიდებენ გადასახადების გადახდას და აღნიშნულ კანონს არასამართლიანი უპირატესობის მისაღებად გამოიყენებენ.

კომპანიის განმარტებით, ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვრის გაზრდა საცალო ვაჭრობის ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით მისაღები თანხების მოცულობას.

„ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვრის გაზრდა გამოიწვევს საცალო ვაჭრობის ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციის მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად, შემცირდება ადგილობრივი რეალიზაციები და ადგილობრივი სავაჭრო ობიექტების შემოსავლები, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტში საიმპორტო და სხვა გადასახადების სახით მისაღებ თანხებს, აღნიშნული ადგილობრივ მოვაჭრეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. წარმოდგენილი ინიციატივით ვამცირებთ არა მარტო საბიუჯეტო შემოსავლებს, ასევე ვზრდით სამუშაო ადგილების შემცირების რისკს“, - წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2019 წელს საბაჟო დეკლარაციებით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობა 57.4 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 59.6 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2021 წელს იმპორტის გადასახადის საერთო მოცულობამ 86.4 მილიონ ლარს მიაღწია - აღნიშნული მონაცემები ცალსახად ცხადყოფს, რომ უცხოეთიდან ნივთების გამოწერებზე მოთხოვნა მზარდია, მისი წილი კი ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად იმატებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BMG-სთან საუბრისას IG Development Georgia-ს დირექტორის მოადგილემ, ლანა ონიანმა განაცხადა, განბაჟების ზღვრის გაზრდა უკანონო რეალიზაციის და გადასახადების თავიდან არიდების წამახალისებელ ფაქტორად იქცევა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არაჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.

„ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვრის გაზრდა იქნება მასტიმულირებელი ფაქტორი თავი აარიდონ სახელმწიფო გადასახადებს და ჩაერთონ ე.წ უკანონო რეალიზაციის სქემაში.

კანონმდებლობის მიხედვით, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია კონკრეტული ნომენკლატურის საქონელი, რომელიც ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის, დღესდღეობით ნივთის ონლაინ ყიდვის მსურველთა პრიორიტეტი არის არა ნივთის პირადი მოხმარებისთვის სარგებლობა, არამედ მისი შემდგომი რეალიზაცია, რაც ცდება კანონმდებლობის ფარგლებს. ამასთან, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით შესაძლოა ერთი პირისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი განახორციელოს რამდენიმე სხვადასხვა პირმა, აღნიშნულის კონტროლი შეუძლებელია. შესაბამისად, განბაჟების ზღვრის 700 ლარამდე გაზრდა გახდება გადასახადებისგან თავის არიდების წამახალისებელი მექანიზმი და საქართველოში საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან მიმართებაში არაჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის საფუძველი.

ინიცირებული პროექტი ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ნორმები ერთი და იმავე გარემოში მოქმედ სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რაც არასამართლიანი გარემოს და არაჯანსაღი კონკურენციის საფუძველი ხდება”, - განაცხადა ლანა ონიანმა.

BMG-სთან საუბრისას ლანა ონიანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ პოტენციურ ზიანს, რომელსაც, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე არსებული ბიზნეს სუბიექტები და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკა მიიღებს.

„კონკრეტული უპირატესობების მიღება ჯანსაღი კონკურენციის ფონზე გამართლებულია. აღნიშნული ზრდის მოთხოვნას, მომსახურების ხარისხს და ა.შ, რასაც ჩვენ მივესალმებით.

დღეს ქართულ ბაზარზე მაღალი კონკურენტული გარემოს პირობებში, საცალო სექტორში არსებული ბიზნეს–ოპერატორთა უპირატესობები მნიშვნელოვანი ფაქტორების ფონზე მოიპოვება, მათ შორის: პროდუქციის ფართო ასორტიმენტის მომხმარებლისთვის შეთავაზება, საქონლისა და ბრენდის მუდმივი რეკლამირება; მარაგების მართვა, ახალი პროდუქტების დაპროექტება და ბაზრის დივერსიფიკაცია; მომხმარებლის ლოიალობის მოპოვება და ა.შ. მოგეხსენებათ, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში უპირატესობის მიღება დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსის ფონზე მიიღწევა.

საფოსტო გზავნილებით ნივთების იმპორტის შემთხვევაში კი საგადასახადო ტვირთი ფაქტობრივად არ არსებობს, ნივთის ონლაინ გამომწერებს და შემდგომ მათი რეალიზაციის პირობებში არ აქვთ ის ხარჯი, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობებს დააპოზიციონირებდა. ნივთის ონლაინ გამოწერის განბაჟების ზღვრის გაზრდა გამოიწვევს საცალო ვაჭრობის ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად შემცირდება ადგილობრივი რეალიზაციები და ადგილობრივი სავაჭრო ობიექტების შემოსავლები, სავაჭრო ცენტრების გარდა, განბაჟების ზღვრის გაზრდა ნეგატიურად აისახება, როგორც ე.წ ქუჩის ლოკაციებზე არსებულ საცალო სავაჭრო ობიექტებზე, ადგილობრივ მეწარმე სუბიექტებზე და სხვადასხვა სექტორისა თუ პროფილის წამყვან, ბრენდულ საცალო რეალიზატორებზე, აგრეთვე, აღნიშნული უარყოფით გავლენას იქონიებს უძრავი ქონების სექტორზეც, რომლის სუბიექტთა შემოსავლის უმეტესი ნაწილი იჯარით გაცემული სავაჭრო ობიექტებიდან მიიღება. ცვლილებები გამოიწვევს საქართველოში ახალი ბრენდული სუბიექტებისთვის ინტერესის დაკარგვას შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე, რისთვისაც ჩვენი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი მრავლად იხარჯება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები შეამცირებს საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების პოტენციალს, რომელიც პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე. ინიცირებული პროექტით სარგებელს მიიღებენ გადამზიდავი კომპანიები, რომელთა მომსახურების მიღების მიმართ მოთხოვნა ცალსახად გაიზრდება”, - დასძინა IG Development-ის დირექტორის მოადგილემ.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის უარყოფის მოთხოვნით მიმართავს.