მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რომ საჭიროზე მეტი კლინიკაა, ამაში ტიკარაძეს თამარ გაბუნიაც ეთანხმება

600566a96eca5
ინგა მურუსიძე
18.01.21 15:40
872
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის დამოკიდებულება საქართველოში არსებული კლინიკების რაოდენობაზე ცნობილია. ის მიიჩნევს, რომ "ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა". 

მინისტრის განცხადებაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება დღეს მის მოადგილეს თამარ გაბუნიას მოუწია. ეკატერინე ტიკარაძეს ისიც ეთანხმება და ამბობს, რომ საქართველო 1 მლნ მოსახლეზე კლინიკების ძალიან მაღალი მაჩვენებლით არის ცნობილი.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, კოვიდის პერიოდში კლინიკების რაოდენობა დადებითი ფაქტორი იყო, რადგან დიდი რაოდენობით საწოლფონდის მობილიზება სწრაფად და მარტივად მოხერხდა, თუმცა როცა ჯანდაცვის სისტემა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში კლინიკების რაოდენობა ოპტიმალური იყოს.

„თუ დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი და ეს გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კლინიკების და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას, დაზოგოს დანახარჯი და ეს ფული წავიდეს პირდაპირ პაციენტის მომსახურეობაზე. ეს არის მიზანი და ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ "ყველაფერი თავიდან უნდა გადაიხედოს".