მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა მოტორსი" განვითარებას განაგრძობს და ბათუმში “ტოიოტა ცენტრს” ხსნის

5f9ae6313fff0
ლიკა გურაბანიძე
29.10.20 22:00
1507

ჩვენი მიზანია, 2-3 წლის პერსპექტივაში იმ ფინანსურ პოზიციაში ვიყოთ, რომ ფასიანი ქაღალდები გამოვუშვათ, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “თეგეტა მოტორსის” ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პანდემიის გამო ბაზრებზე 2019 წლის მსგავსი სიტუაცია არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია პოზიციების გამყარებას მაქსიმალურად ცდილობს. ვახტანგ კაჭარავამ სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც არ გამორიცხა.

“დაარსების დღიდან დღემდე ვიზრდებოდით და კომპანიას ზრდის გარეშე არცერთი წელი არ ჰქონია. წლის ბოლომდე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგები გავაუმჯობესოთ და ჩამორჩენა არ გვქონდეს. ამ ყველაფერში ისიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი პორტფელი დივერსიფიცირებულია. ერთია ის, რომ საქართველოში ადგილობრივად წარმოდგენილები ვართ, ხოლო მეორე ის, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში სავაჭრო პარტნიორები გვყავს. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ბიზნეს რისკები მაქსიმალურად შემცირებულია.

არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან მოყოლებული, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და რეგიონში პირველი საავტომობილო კომპანია ვიყავით, ვინც ობლიგაციები გამოუშვა. ეს კორპორატიული ფინანსების კუთხით ჩვენი განვითარების დასასრული არ არის", - განაცხადა “თეგეტა მოტორსის” ფინანსურმა დირექტორმა.

“თეგეტა მოტორსის” მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა განმარტა, რომ მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა, უახლოეს მომავალში “თეგეტა მოტორსის” კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება.

“მიუხედავად პანდემიისა "თეგეტა მოტორსი" განვითარებას მაინც განაგრძობს. 2-3 კვირაში ბათუმში კიდევ ახალ ტოიოტა ცენტრს გავხსნით. "თეგეტა" ყოველთვის ისეთ ბრენდებს და პარტნიორებს არჩევდა, რომლებიც ტოპ სამეულიდან იყვნენ. კომპანიას ამანაც საშუალება მისცა, რომ 25 წლის განმავლობაში განვითარებულიყო. ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე ორიენტაცია არ არის. ეს ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა თორნიკე გურულმა.

ცნობისთვის: „თეგეტა ჰოლდინგი“ 18 კომპანიას აერთიანებს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 26 ფილიალი ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. “თეგეტა მოტორსი” ჯამში 2 000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.