მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moody's: საქართველოში ინფლაცია 3%-მდე შემცირდება

61499eb1bf18d
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 14:10
793
დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურია”.

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი.

ინფლაციის მხრივ, გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზი ემთხვევა ეროვნული ბანკის პროგნოზს. Moody's-ი აღნიშნავს, რომ ამჟამად ინფლაციაზე მოქმედი "ერთჯერადი ფაქტორების" ამოწურვის შემდეგ, გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთის ფონზე, ინფლაციის დონე სამიზნე 3%-მდე შემცირდება. ამჟამად საქართველოში 12.8%-იანი ინფლაციაა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდულად მაღალი დონეა. ინფლაციის შესამცირებლად სებ-მა წელს რეფინანსირების განაკვეთი 3-ჯერ გაზარდა, არსებული მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ს შეადგენს.

Moody’s-ი მიიჩნევს, რომ პანდემიური ეფექტი თანდათანობით იკლებს და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს არსებული მშპ-ის 60%-დან, 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება. ასევე შემცირებაა ნავარაუდევი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივაც, რაც მომდევნო პერიოდში პანდემიამდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს.  ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინს “სტაბილურად” აფასებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ფისკალური მაჩვენებლები გაუარესდება და გაიზრდება საგარეო მოწყვლადობა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურისკენ” შეიძლება გადაიხედოს.

რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მათ შორის ხაზგასმულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის ე.წ. “შარლ მიშელის” შეთანხმების ანულირება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს და მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე.