მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სენტა პეტროლიუმი": არ ვიცით, რა სამედიცინო გამოკვლევები უნდა უზრუნველვყოთ ღამის ცვლაში დასაქმებულებისთვის

613f94664eeb9
თამთა ჯიჯავაძე
13.09.21 23:17
1269
ამ საკითხის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს, სამწუხაროდ, არავისგან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, - ამის შესახებ „სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა, ზაალ იაკობიძემ რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესახებ განაცხადა, რომელიც ღამის ცვლაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის პერიოდული გამოკვლევის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულებს, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ღამის ცვლაში, პერიოდული სამედიცინო შემოწმებები დასჭირდებათ, ამ შემოწმების საფასური კი დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ვალდებულება ეკისრებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო უწყებებს.

„პირველ რიგში გავერკვევით რა სახის ბრძანებაა, რას მოიცავს ის და რა სახის გამოკვლევები უნდა უზრუნველყოს კომპანიამ. საინტერესოა ასევე ისიც, არის თუ არა ეს თანხაში გამოხატული. მოგეხსენებათ სრული გამოკვლევა ძალიან ძვირი ჯდება, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესს მძიმედ დააწვება.

არის ძალიან ბევრი ობიექტი, სადაც სადღეღამისო ცვლებია. განსაკუთრებით ეს ეხება დაცვის სამსახურს. ასევე სავაჭრო ობიექტებიც სარგებლობენ ღამის ცვლებით“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში.

ცნობისთვის, ახალი დადგენილების თანახმად, ღამის ცვლაში მომუშავე პირად ითვლება ადამიანი, რომელიც საღამოს 22:00-დან დილის 06:00-მდე პერიოდში რეგულარულად მუშაობს 3 საათზე მეტს, ან დასაქმებული, რომელიც მთლიანი სამუშაო დროის არანაკლებ ¼-ს ატარებს 22:00-დან 06:00-მდე. სამედიცინო შემოწმების გავლა დასაქმებულების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.