08.ნოემბერი .2020 23:30

მდინარაძე: როცა საფრთხე სტრატეგიულ ობიექტს ექმნება, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ესწრება

მდინარაძე: როცა საფრთხე სტრატეგიულ ობიექტს ექმნება, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ესწრება
views 805
უკან

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, წყლის ჭავლის გაშვებისას აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოხდებოდა, რადგან ისინი მყისიერ საფრთხეს უქმნიდნენ სტრატეგიულ შენობას. ამის შესახებ მანდ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ კადრები რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს ღობეს არღვევენ და ფეხებით დგებიან და ქვებს ესვრიან, ასეთ დროს მსოფლიოში არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება არ ხდება და ვერც ესწრება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი, და ამ გაფრთხილების შემდეგ მოქმედებას. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის ვთქვათ, დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის, ამ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო. როდესაც ხდება ფიზიკური შეურაცხყოფა და გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის, რომელიმე სტრატეგიულ ობიექტში არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობა ამგვარად როგორც ეს მოხდა. დღეს გავრცელებული კადრების შემთხვევაში სხვა გზა ფიზიკურად არ ჰქონდა პოლიციას, რომ არა მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა პროპორციულად გამოიყენეს, ამასთან ვახტანგ გომელაურის მოადგილე, კახაბერ საბანაძე ცრემლსადენი გაზის გამოყენებას უარყოფს. 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შსს-ს მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. ლომჯარია წერს, რომ გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს. 

"უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!,"- წერს ლომჯარია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა