მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი: 2020 წელს ვაკანსიები 40%-ით შემცირდა

5ffd6f83ada25
ნუცა ბაზლიძე
12.01.21 13:55
1142
2020 წელს ვაკანსიების რიცხვი 40%-ით შემცირდა. ამის შესახებ HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, სადაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, შრომის ბაზარზე არსებული ტენდენცია მიმოიხილა.

„თებერვლიდან, ზოგადად, ვაკანსიების კუთხით საკმაო კლება იყო. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს, დაახლოებით, ჯამურად 40%-იანი კლება გვქონდა. მარტი-მაისის პერიოდში, ვაკანსიები 70%-ით შემცირდა, რაც პრინციპში, ჩვენი კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდა და ასეთი კლება საქართველოს შრომის ბაზარზე აქამდე არ დაფიქსირებულა“, - თქვა ინგა შახბაზიანმა და დასძინა, რომ კრიზისული აღმოჩნდა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდიც, როცა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ვაკანსიები, ფაქტობრივად, განახევრდა.

„რაც ყველაზე ცუდია, მაღალი პოზიციებზე ვაკანსიები, ფაქტობრივად, აღარ ცხადდება“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, „ქალების ნარატივთან“ ინტერვიუში ინგა შახბაზიანმა ისაუბრა თემაზე, რომელიც ვაკანსიების გამოცხადებისას შრომის ანაზღაურების ოდენობის არმითითებას შეეხება, რაც ხშირად სამსახურის მაძიებლებში უკმაყოფილებას იწვევს.

„როგორც წესი, კომპანიების 95% ვაკანსიაში ანაზღაურების მოცულობას არ უთითებს. ეს შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული. მაგალითად, არ უნდათ, რომ კონკურენტებმა გაიგონ რამდენია მათთან ანაზღაურება. ასევე, შეიძლება, იყოს ის ფაქტორიც, რომ კომპანიას არ სურს, ადამიანი ვაკანსიით მხოლოდ ანაზღაურების გამო მოიხიბლოს ან პირიქით, შესაძლებელია, ანაზღაურება დაბალია და არ სურთ, რომ ნაკლები CV მიიღონ“, - განმარტავს ინგა შახბაზიანი.

გარდა ამისა, HR.GE-ის რეგიონული მენეჯერის აზრით, შესაძლოა, დამსაქმებლები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები, თუ რა ანაზღაურებას შესთავაზებენ კანდიდატს და საბოლოო გადაწყვეტილებას გასაუბრების შემდეგ იღებენ.