მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR.GE: ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა

63021b77a4ff4
თათია ჩაფიჩაძე
21.08.22 20:00
1633
ზაფხულში ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. როგორც დასაქმების პორტალ hr.ge-ში bmg-ის განუცხადეს, დღიურად დადებული ვაკანსიების რაოდენობა ამჟამად საშუალოდ 250-ია, მაშინ როცა გასულ თვეებში მაჩვენებელი 300-ს სცდებოდა.

„ზაფხულმა თავისი გავლენა იქონია და საკმაოდ იკლო ვაკანსიების რაოდენობამ, თუმცა გასული წლის ზაფხულს თუ შევადარებთ, მატება არის.

ივლისი-აგვისტო სტაბილურად ერთნაირია და დღეში 250-მდე განცხადება იდება, სექტემბრიდან ველოდებით უფრო მეტს. გასული თვეები უფრო აქტიური იყო, მინიმუმ 300 ვაკანსია თავსდებოდა, სეზონურობის ფაქტორის გამოკლებით, ვვარაუდობთ, რომ სექტემბრიდან დამსაქმებლები უფრო გააქტიურდებიან.

რაც შეეხება დაინტერესებას, ისევ სეზონურობის გამო ნაკლებად ხდება გამოხმაურება, ეს ქვეყნიდან გადინებამაც განაპირობა. გაზრდილია კონკურენციაც და კადრების დეფიციტი კვლავ ყველა სფეროში შეიმჩნევა", - განაცხადა hr.ge-ს წარმომადგენელმა მანჩო დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, ვაკანსიების სტატისტიკიდან გამომდინარე, ტრადიციულად ყველაზე მოთხოვნადია გაყიდვები, ჰორეკა სექტორი, საბანკო და ჯანდაცვის მიმართულებები.

"პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია, მეორეზეა - ჰორეკა, რომელსაც მოჰყვება საბანკო სფერო, აქტიურია ინფორმაციული ტექნოლოგები, ასევე ბევრი ვაკანსია თავსდება სამედიცინო სექტორშიც. თბილისთან ერთად აქტიურობს ბათუმი და ზოგადად ზღვისპირეთი", - განაცხადა მან.