მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-დან Amazon-მდე - გიგანტ კომპანიაში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა

616c4f63d3a55
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 23:00
6123
Amazon-ში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა. ნათია ზავრაშვილი 2022 წლიდან Amazon EU-ს მიუნხენის ოფისში ახალი ვენდორების მენეჯერის (New Vendor Manager) პოზიციას დაიკავებს. აღნიშნული პოზიცია საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და ხელშეწყობას გულისხმობს. ნათია ზავრაშვილის შემთხვევაში აქცენტი ჩინურ ბრენდებზე გაკეთდება.

„ჩემი უშუალო ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებასა და მოძიებას, საწყისი მოლაპარაკებების წარმოებასა და ახალი კატალოგების განთავსებას Amazon-ზე, რის შემდეგაც კონკრეტული ბრენდებისთვის გავხდები ერთგვარი ბიზნეს-კონსულტანტი და შიდა რესურსების დახმარებით შევეცდები საჭირო რეკომენდაციების გაცემას უკეთესი ბიზნეს შედეგების მისაღწევად“, - ამბობს ნათია bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აღნიშნული ვაკანსიის შესახებ LinkedIn-დან შეიტყო, აპლიკაცია მიმდინარე წლის ივლისში გაგზავნა, სამი თვის განმავლობაში კი სამი ეტაპი და ექვსი გასაუბრება გადალახა. გასაუბრებები ინგლისურ, გერმანულ და ჩინურ ენებზე Amazon-ის გუნდის სხვადასხვა წევრთან გაიარა.

„Amazon-ის გუნდის წევრობა ჩემთვის ნიშნავს შესაძლებლობას, განვვითარდე ახალი, საინტერესო მიმართულებებით. ეს კომპანია თანამშრომლებს აძლევს მეტ თავისუფლებასა და ავტონომიურობას საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც პასუხისმგებლობასთან ერთად მეტი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების კარგი საშუალებაა. ამავდროულად, მახარებს ის ფაქტიც, რომ ვიმუშავებ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ კომპანიაში, რომლის აქტიური მომხმარებელიც თავად ვარ“, - ამბობს ნათია ზავრაშვილი.

რაც შეეხება ნათიას წარსულ გამოცდილებას, აღსანიშნავია, რომ მან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრებისა და ჩინეთში, სიამენის უნივერსიტეტში, ერთწლიანი ენის კურსის გავლის შემდეგ, საქართველოში დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ჩინური ენის თარჯიმნის პოზიციაზე იმუშავა. 2019 წელს კი Huawei-ს გერმანულ კვლევით ცენტრში დაიწყო მუშაობა, სადაც დღემდე შესყიდვების სპეციალისტის პოზიციას იკავებს.