მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუდაკმა შეიძლება არ იცის, რომ საქართველოში პატარა ჰესებსაც აპროტესტებენ - ენერგეტიკოსი

6176abf7552ca
მარიამ ვარადაშვილი
27.10.21 20:00
779
„ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია“, - თქვა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვაზილ ჰუდაკმა გასულ კვირას #ForbesTalks-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ვაზილ ჰუდაკის შეფასებითვე, უკანასკნელ პერიოდში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილის განცდა მიანიშნებს იმაზე, რომ არსებულ ვითარებაში უმჯობესია, უფრო მეტად მცირე ჰესი და სხვა სახის განახლებადი ენერგიის პროექტები განვითარდეს.

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი bm.ge-თან ვაზილ ჰუდაკის აღნიშნულ განცხადებას აფასებს. მისი აზრით, პრემიერის მრჩეველმა, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია მოახდინა და მას არ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჰუდაკი დიდი ჰესების წინააღმდეგია.

„პრემიერის მრჩევლის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი პროტესტის გამო ჩერდება დიდი ჰესების მშენებლობა, თუმცა საზოგადოება იგებს ისე, თითქოს ვაზილ ჰუდაკი გვირჩევს, რომ დიდი ჰესები არ აშენდეს. რეალურად, მან თქვა, რომ მისი პირადი შეგრძნებაა, რომ გავიდა დიდი ჰესების პერიოდი, მაგრამ შემდეგ ამბობს, რატომ აქვს ასეთი შეგრძნება - იმიტომ, რომ საზოგადოებრივი პროტესტია. ფაქტის კონსტატაციაა, რომ ასეთი პროტესტი თუ გექნათ, ჰიდროსადგურებს ვერ განავითარებთო, მე ასე გავიგე. საჭირო არის თუ არ არის [დიდი ჰესები], მგონი არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში იმ განცხადებაში, რაც მე ვნახე. თუ ის საკუთარ თავზე იღებს ისეთ გამბედაობას, რომ შესაბამისი ინფორმაციის არქონის პირობებში, საქართველოს ურჩიოს ან გადაუწყვიტოს დიდი ჰესები უნდა ავაშენოთ თუ - არა, ვფიქრობ, ამას კვალიფიციური ადამიანი არ გააკეთებდა. მგონი ეგ არც გაუკეთებია. მან უბრალოდ თქვა, რომ ეს პროტესტი დიდი ჰესების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა, რაშიც ასე თუ გაგრძელდა, მართალია“, - ამბობს მარგველაშვილი.

რაც შეეხება Forbes Talks-თან ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც ვაზილ ჰუდაკი მცირე ჰესების განვითარებაზეც საუბრობს <„პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში - განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით“>, ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ ქარის და მზის სადგურები დიდი ზომის ჰესების განვითარების გარეშე ვერ იმუშავებს და თან შესაძლოა, პრემიერის მრჩეველს არ ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰესებზეც საპროტესტო განწყობებია.

„ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ვაზილ ჰუდაკი ამბობს, რომ მცირე ჰესები ააშენეთო, ცალსახა შეფასების გაკეთების საშუალებას აღარ იძლევა, ამიტომ სჯობს, უფრო მკაფიო ფორმულირებები გააკეთოს და სათქმელი ბოლომდე თქვას. ჯამში, ინტერპრეტაცია ხდება ისე, თითქოს ის გვირჩევს დიდი ჰესები არ ავაშენოთ, არადა ინტერვიუდან გამომდინარეობს ის, რომ აფასებს სიტუაციას და ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში თქვენ დიდ ჰესებს მაინც ვერ ააშენებთო, თუმცა შეიძლება არ იცის, რომ პატარა ჰესების წინააღმდეგაც ზუსტად ისეთივე პროტესტია“, - აღნიშნა WEG-ის დირექტორმა.

საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევების კონტექსტში bm.ge მურმან მარგველაშვილს ნამახვანჰესის პროექტის პერსპექტივაზეც ესაუბრა თუ - რამდენად რეალურია ინვესტორთან გაფორმებული $800 მილიონიანი კონტრაქტის შენარჩუნება. ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ „ამის საფუძველი არ არსებობს“.

„ინვესტორი უნდა მივიდეს და ვარლამს <გოლეთიანს> ესაუბროს?! როგორ შეიძლება სხვანაირად დამთავრდეს?! არანაირი წინაპირობა აქეთა მხრიდან არ არის. პროტესტი ისევ იქ არის, ეს ხალხიც ისევ იქ არის, არაფერი გარემოება არ შეცვლილა და ახალი რა შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობას ოფიციალურად აცნობა, რომ ერთ თვეში კონტრაქტის მოშლის პროცედურებს დაიწყებდა. გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ ENKA-ს დამატებითი განცხადება არ გაუკეთებია, bm.ge პერიოდულად ცდილობს, საქართველოს მთავრობისგან მიიღოს ინფორმაცია, რა ხდება ამ საკითხის ირგვლივ ანუ არსებობს თუ არა შანსი, ქვეყანამ კიდევ ერთი $800-მილიონიანი ინვესტორი არ დაკარგოს თუ საერთაშორისო არბიტრაჟში მორიგი კომერციული დავა გარდაუვალია. „იმედია, ENKA-სთვის არბიტრაჟი სასურველი არ არის, პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობთ“, - უთხრა 18 ოქტომბერს bm.ge-ს ეკონომიკის მინისტრმა. 25 ოქტომბერს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უპასუხოდ დატოვა BM.ge-ს კითხვა იმის თაობაზე, რა ხდება “ნამახვანჰესის” პროექტზე ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების კუთხით. მინისტრმა ასევე არ უპასუხა კითხვას, გაწყვიტა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ კონტრაქტი იმ კომპანიასთან, რომელსაც ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა უნდა შეესწავლა.

რა მომავალი აქვს $800-მილიონიან ინვესტიციას, ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, რთულია, თუმცა საქართველოს ჰიდრორესურსების ათვისებას რომ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე - მხარდამჭერი, ამაზე არაერთი შეჩერებული პროექტი მეტყველებს. აღსანიშნია, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფების პროტესტის მიზეზს არათუ დიდი, არამედ მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესებიც წარმოადგენენ.