მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HyGeorgia - საქართველოში „მწვანე წყალბადის“ წარმოების €11 მლრდ-იანი პროექტის განხორციელება იგეგმება

602545c6b05ae
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.21 09:40
14294
საფრანგეთში რეგისტრირებულმა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია H2exagOn-მა, რომლის მმართველი პარტნიორი ქართველი დავით ოთარიშვილია, საქართველოში 11 მლრდ ევროს ღირებულების „მწვანე წყალბადის“ წარმოების პროექტი - HyGeorgia შეიმუშავა. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მისი შექმნისა და განხორციელების მიზანი საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანაა. კომპანია H2exagOn - მა პროექტზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად დაიწყო და პროექტის განხოციელების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებიც ჩაატარა.

BMG-ის დაინტერესდა, რას გულისხმობს პროექტი, სად იგეგმება მისი განხორციელება, ან საიდან მოხდება მასშტაბური ინვესტიციის მოზიდვა. BM.GE-მ ყველა შესაძლო კითხვით კომპანია H2exagOn-ის მმართველ პარტნიორს დავით ოთარიშვილს მიმართა:

პირველ რიგში მინდა მოგიყვეთ, რატომ გადავწყვიტეთ პროექტ - HyGeorgia შემუშავება და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. საქართველოს ეკონომიკის წამყვან სფეროს ტურიზმი წარმოადგენს, რომელიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი ამ სექტორზე იყო დამოკიდებული. როდესაც მსოფლიო დაუბრუნდება ჩვეულ დღის წესრიგს, რასაც კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად დიდი კონკურენცია იქნება და საქართველოს პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების დაბრუნება ძალიან გაუჭირდება. დღეს უმთავრეს პრიორიტეტს პანდემიასთან გამკლავება და მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაცია წარმოადგენს, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტრატეგია, რომელმაც ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. ამ პროცესში ტურიზმის სექტორის განვითარებასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სხვა სექტორმა (რომელსაც აქვს ამის პოტენციალი) საქართველოს ეკონომიკის ხერხემლის ფუნქცია შეასრულოს, რათა უფრო მდგრადი ეკონომიკური მოდელი მივიღოთ.

ამ ფუნქციის შესრულება კი მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს შეუძლია, რომელიც მდიდარია განახლებადი რესურსებით და რომელთა ათვისებაც პირველ რიგში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. თუმცა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარება დიდწილად დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიც დღეისთვის ბევრი არსებული ფაქტორებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შემცირებულია. იმისთვის, რომ შევძლოთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, აუცილებელია ახალი ბიზნეს პერსპექტივების გაჩენა და მსოფლიო ტენდენციებიდან გამომდინარე სწორედ მწვანე/სუფთა წყალბადი აჩენს ახალ უნიკალურ და უალტერნატივო პერსპექტივებს საქართველოსთვის.

სუფთა/მწვანე წყალბადი იწარმოება წყლის ელექტროლიზის ტექნოლოგიის მეშვეობით, რომელიც წყლის H2O მოლეკულებს ელექტროენერგიის გამოყენების მეშვეობით (რომელიც აუცილებლად უნდა მიღებული იყოს განახლებადი რესურსებიდან) ყოფს H2 (წყალბადად) და O2 (ჟანგბადად). სუფთა/მწვანე წყალბადის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სატრანსპორტო საწვავის სახით, ისე შენობა-ნაგებობების გათბობის და ელექტროენერგიის წარმოების მიზნით.

- უშუალოდ პროექტზე რომ გადავიდეთ, რომელზეც 1 წელი მუშაობდით, როგორია პროექტის განხორციელების ვადები და სად იგეგმება მისი შესრულება? თუ არის შერჩეული ლოკაცია?

„მწვანე წყალბადის“ წარმოების პროექტი ეტაპობრივად განვითარების ათწლიან პერიოდს მოიცავს, ისე რომ 2030 წლისათვის მთლიანად არსებული პოტენციალი ათვისებული იყოს. წყალბადის წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განიხილება დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ტერიტორია (დაუსახლებელი და არატურისტული ზონები).

- რას მოიცავს პროექტი - რამდენი ქარხნის ამოქმედებას, დაახლოებით რამდენი ადამიანის დასაქმებას და არის თუ არა საქართველოში ამის რესურსი?

პროექტის მიზანი საერთო ჯამში, ეტაპობრივად, 3 გეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროლიზის ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებაა, ასევე საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით ახალი საგენერაციო ობიექტების მშენებლობა (ზუსტდება პოტენციალი). ეს საშუალებას მოგვცემს წლიურად ვაწარმოოთ დაახლოებით 500 მლნ კგ მწვანე/სუფთა წყალბადი. პროექტი ასევე ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ელექტროლიზის ტექნოლოგიის საწარმოებლად საჭირო ქარხნ(ებ)ის მშენებლობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შეიქმნას ასობით-ათასი ახალი პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიულ გადამზადებას გულისხმობს.

- გვესმის, რომ პროექტი გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი, თუმცა 11 მლრდ ევრო შთამბეჭდავი რიცხვია - საიდან გეგმავთ ამ თანხის მოზიდვას და ვინ დაინტერესდება საქართველოში აღნიშნული პროექტის ინვესტირებით, მით უფრო პოსტ-პანდემიურ პერიოდში?

11 მლრდ ევრო მართლაც ჯერ არნახული ინვესტიციაა საქართველოსათვის. თუმცა, ეს რიცხვი პროცესში შემცირდება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მის რეალიზაციას, რაც ძირითადად გამოწვეული იქნება ელექტროლიზის ტექნოლოგიების გაიაფებით. საქმე იმაშია რომ, ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება და იზრდება მათი წარმოების მოცულობაც, რაც პირდაპირ აისახება ტექნოლოგიების ღირებულებაზე.

დიახ, გეთანხმებით, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ასეთი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვა კიდევ უფრო გართულებულია, თუმცა ჩვენი მხრიდან უმსხვილეს საერთაშორისო ენერგო კომპანიებთან კონსორციუმის ჩამოყალიბების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო, რომ მათ პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი და სურვილიც აქვთ. ჩვენთვის სასურველია, რომ კონსორციუმი მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიქმნას. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში პროექტი კონსორციუმის წევრი კომპანიების მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საფუძველზე და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით დაფინანსდება. პროექტის სრული დაფინანსება კი ათ-წლიან პერიოდზე გაიწერება.

- როგორც ვიცით, HYGeorgia-ს განხოციელების საკითხზე მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან მიმდინარეობს. კონკრეტულად რომელ სტრუქტურებთან, რა საკითხებზე მსჯელობთ და როგორია ქვეყნის მზაობა?

პროექტი საქართველოში როგორც ენერგო სექტორს, ისე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარედგინა. მათი მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია და პროექტის მხარდაჭერის მაქსიმალურ მზაობას გამოთქვამენ. HyGeorgia - ს პროექტი კომპლექსურია და უდიდესი ძალისხმევაა საჭირო მისი რეალიზაციისათვის. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, როგორც სახელმწიფოს, ასევე საწყისი ეტაპიდან ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა და მათი სწორი ინფორმირება პროექტის წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესია და ეს პროცესიც მალე დაიწყება.

H2exagOn-მა ასევე მოამზადა და სახელმწიფოს მწვანე/სუფთა წყალბადის ეროვნული სტრატეგია (2021-2030) წარუდგინა. ამასთან ჩვენ სახელმწიფოს აქტიურად ვეხმარებით საბოლოო ვერსიის სწორად შემუშავებაში. შეთავაზებული სტრატეგია შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს: გზამკვლევს ელექტროენერგიაზე საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, სუფთა/მწვანე წყალბადის ეროვნული კომისიის ჩამოყალიბებას და პროფესიული კადრების გადამზადების მიზნით ენერგეტიკული აკადემიის დაარსებას.

- პროექტის მნიშვნელობაზეც რომ გვითხრათ - რა ალტერნატივას აჩენს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით „HyGeorgia“?
გარდა უდიდესი ინვესტიციებისა, ასობით-ათასი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ზოგადად მდგრადი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებისა, პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში საქართველო ევროპის ერთიანი ინტეგრირებული ენერგეტიკული სისტემის განუყოფელი ნაწილი და ევროპის კონტინენტზე მწვანე/სუფთა წყალბადის ერთ-ერთი მსხვილი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი გახდება, რაც ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ყველაზე დიდი გარანტია. პოლიტიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ, HyGeorgia - ს პროექტი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების უდიდეს პერსპექტივებს აჩენს.

- და ბოლოს, როგორია „მწვანე წყალბადის“ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება?

პირველ რიგში ამ მხრივ აღსანიშნავია ევროპის გეგმა, რომელიც 2050 წლისთვის „სუფთა“ კონტინენტად გადაქცევას გულისხმობს. ამის წინაპირობას ე.წ. „მწვანე შეთანხმება“ წარმოადგენს, რომელიც ორ ძირითად სტრატეგიას ეფუძნება: ევროპის ერთიანი ინტეგრირებული ენერგეტიკული სისტემის და წყალბადის სტრატეგიებს. ევროპის ქვეყნების ნაწილმა ეროვნული სუფთა/მწვანე წყალბადის სტრატეგიები უკვე დაამტკიცეს და უდიდესი პროექტების განვითარება დაიწყეს.

მთლიანად ევროპის სტრატეგია ევროპის კონტინენტზე 2030 წლისთვის მწვანე/სუფთა წყალბადის საწარმოებლად 40 გეგავატი წყლის ელექტროლიზის და ევროპის კონტინენტს გარეთ იმპორტისათვის დამატებით 40 გეგავატის წარმოებას მოიცავს. სწორედ აქ ჩნდება საქართველოსთვის უნიკალური პერსპექტივა და სწორედ ამას ემსახურება HyGeorgia - ს პროექტი, რომ ეს პოტენციალი სწორედ და მთლიანად იყოს გამოყენებული. შედეგად მივიღებთ უფრო მდგრად ეკონომიკურ მოდელს, რათა თანამედროვე მსოფლიოში საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.