02.მარტი .2020 22:20

Hyundai-ს ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალი გაყიდვები აქვს

views 303
უკან

ავტომობილების მწარმოებელი კონცერნი Hyundai ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალი გაყიდვების შესახებ აცხადებს. როგორც კომპანიამ აღნიშნა, გასულ თვეს 275,044 მანქანა გაყიდა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Hyundai-მ შარშან თებერვალის თვეში 315,820 მანქანის გაყიდვა მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეული Hyundai, რომელიც Kia Motors-თან არის აფილირებული, მსოფლიოში მე-5 ყველაზე დიდ ავტოკონცერნად მიიჩნევა და პირველია, რომელმაც თებერვლის თვის მონაცემები გაასაჯაროვა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული, ჩინური და ამერიკული ავტოკონცერნები თებერვლის თვის მონაცემებს მომდევნო კვირებში გაასაჯაროვებენ.

სამხრეთკორეული ავტოკონცერნი შემცირებულ გაყიდვებს და შემოსავლებს კორონავირუსის აფეთქებას უკავშირებს.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული და აზარალებს ისეთ დიდ კომპანებს, როგორიც არის Hyundai და Samsung Electronics-ი.

აღსანიშნავია, რომ Hyundai არის პირველი საწარმო, რომელმაც ავტომობილების წარმოება დროებით შეაჩერა თებერვლის თვეში ჩინეთიდან გართულებული ავტონაწილების იმპორტის გამო.