მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელ "მეოთხე ტალღას" არჩევნებთან ან პოლიტიკასთან საერთო არ აქვს - გამყრელიძე

60c095be37cb7
ინგა მურუსიძე
09.06.21 14:26
658
"პანდემიის მოსალოდნელ "მეოთხე ტალღას" არჩევნებთან ან პოლიტიკასთან საერთო არ აქვს", - განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

საქმე ის არის, რომ გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის "მეოთხე ტალღა" მოსალოდნელია აგვისტოში ან სექტემბრის დასაწყისში, შემოდგომაზე კი, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

კითხვაზე - მეოთხე ტალღის დაანონსება ხომ არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ არანაირი საერთო ამ ორ საკითხს არ აქვს. „მე პოლიტიკაში არ ვმონაწილეობ და ამ საკითხს არც არჩევნებთან და არც პოლიტიკურ სიტუაციასთან საერთო არ აქვს“, - თქვა მან.

რაც შეეხება თავად მოსალოდნელ "მეოთხე ტალღას", NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამას ვერავინ გამორიცხავს და ყველაფერი ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული.

„ვერავინ გამორიცხავს "მეოთხე ტალღას", ჰელსმეტრიკის გაზომვებში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც აგვისტოს ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში იყოს "მეოთხე ტალღა". ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება ზაფხულში. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, ეს არ მოხდება.

გადამწყვეტი იქნება, რა რაოდენობით მოსახლეობას ავცრით და როგორი მოცვა გვექნება. ეპიდემიის გაუარესების ალბათობა მეტი იქნება, თუ ნაკლები ადამიანი აიცრება. სხვადასხვა გათვლებით ჩვენთან, დაახლოებით, მილიონამდე ადამიანს ვირუსი გადატანილი აქვს, მათ უვითარდებათ ბუნებრივი იმუნიტეტი, ამას უნდა დავამატოთ ვაქცინაცია და გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ამჟამად ორჯერადად 55 000-მდე ადამიანია აცრილი.