მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვა 123.3%-ით გაიზარდა

6268080a2294f
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.22 22:00
1316
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საკითხებში იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარების პოტენციალიც არსებობს. მხარეებმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

BM.GE მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვის მონაცემებით დაინტერესდა.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარ-მარტში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 29.4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123.3%-ით არის გაზრდილი, თუმცა პანდემიურ წელთან შედარებით ბრუნვა 36.1%-ით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ - 2019 წელთან შედარებით ზრდა 19.1%-ია.

მნიშვნელოვანია ის, რომ სავაჭრო ბალანსი დადებითი იყო და ექსპორტს ქვეყნებს შორის ვაჭრობაში 80.5% უკავია და 23.7 მლნ დოლარს შეადგენს. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 13.1 მლნ დოლარია.

ამ პერიოდში ექსპორტის მოცულობა გასული წლის 3 თვის მონაცემთან შედარებით 149.6%-ით გაიზარდა. დიდი ცვლილება 2020 და 2019 წლების იანვარ-მარტთან შედარებითაც. (2020წ. – 8.4 მლნ დოლარი; 2019წ. – 12.7 მლნ დოლარი).

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, პანდემიამდელი წლის შემდეგ მისი დინამიკა ასეთია: 2019 წლის 3 თვე - 7.4 მლნ დოლარი; 2020 წლის 3 თვე - 5.3 მლნ დოლარი; 2021 წლის 3 თვე - 7.1 მლნ დოლარი; 2022 წლის 3 თვე - 13.1 მლნ დოლარი.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ყაზახეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-10:

1. მსუბუქი ავტომობილები - 9.5 მლნ დოლარი
2. მინერალური და მტკნარი წყლები - 6.7 მლნ დოლარი, 10 852 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.8 მლნ დოლარი, 568 ტონა;
4. მინერალური და დაგაზიანებული წყლები - 939 ათასი დოლარი, 1 414 ტონა;
5. მანგანუმის მადნები და კონცენტრატები - 863 ათასი დოლარი, 3 243 ტონა;
6. სამრეწველო ან ლაბორატორიული ღუმელები და კამერები - 697.9 ათასი დოლარი, 7 ტონა;
7. შავი ლითონისაგან მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 524 ათასი დოლარი, 524 ტონა;
8. სპირტიანი სასმელები - 462.7 ათასი დოლარი, 88 ტონა;
9. დამზადებული ან დაკონსერვებული ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - 204 ათასი დოლარი, 112 ტონა;
10. საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები - 149 ათასი დოლარი, 0.3 ტონა.

რაც შეეხება ყაზახეთიდან საქონლის შესყიდვას, 2022 წლის 3 თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით იმპორტი 55.6%-ით გაიზარდა და იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 5.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2020 და 2019 წლების მონაცემებთან შედარებით შემცირებულია (2020 წ. 13.1 მლნ დოლარი; 2019 წ. – 12 მლნ დოლარი).

TOP-10 იმპორტირებული საქონელი:

1. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1.5 მლნ დოლარი, 1 302 ტონა;
2. ხორბალი და მესლინი - 1 მლნ დოლარი, 2 991 ტონა;
3. საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - 598.8 ათასი დოლარი, 65 ტონა;
4. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები - 525 ათასი დოლარი, 2 252 ტონა;
5. ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან კოქსი და ნახევარკოქსი - 408 ათასი დოლარი, 958 ტონა;
6. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 357 ათასი დოლარი, 610 ტონა;
7. მეტალოკონსტრუქციები - 223.3 ათასი დოლარი, 66 ტონა;
8. სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - 164.2 ათასი დოლარი, 273 ტონა;
9. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 136.6 ათასი დოლარი, 109 ტონა;
10. პოლიმერული მასალებისაგან ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი - 105.8 ათასი დოლარი, 27 ტონა.