მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი $31.6 მილიონი დაუჯდა

607ef2e711ef4
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.21 09:00
685
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება 9.3%-ით გაიზარდა და ელექტროენერგიის შესაძენად ქვეყნიდან 31.6 მლნ დოლარი გავიდა. (2020 წლის იანვარ-მარტი 28.9 მლნ დოლარი).

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის დასაწყისში საქართველომ ელექტროენერგია 3 ქვეყნიდან შეიძინა, მათგან ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

1. აზერბაიჯანი - 21 მლნ დოლარი;
2. რუსეთი - 6 მლნ დოლარი;
3. თურქეთი - 4.5 მლნ დოლარი.

რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობას, ესკოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმპორტი 93%-ით გაიზარდა და 1.43 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.

ენერგობალანსის თანახმად, 2021 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო. იმპორტის ასეთი ზრდა "ენგურჰესის" სარეაბილიტაციოდ გაჩერებამ განაპირობა. სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება მიმდინარე წლის მაისიდან უნდა აღადგინოს.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღო, რაც 863 მილიონ კილოვატს შეადგენდა, აქედან 750 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთის მომარაგებისთვის მიიმართა.

აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი 463 მლნ კილოვატ საათი იყო, თურქეთიდან იმპორტი კი - 111 მილიონი კილოვატ საათი.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ის 3.3%-ით გაიზარდა და 3.47 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. მათ შორის "თელასის" აბონენტების ანუ დედაქალაქის ენერგომოხმარება 722 მილიონი კილოვატ საათი იყო, "ენერგო პრო ჯორჯიას" ანუ დანარჩენი რეგიონების მოხმარება 1.14 მილიარდი კილოვატ საათი იყო. "ესკოს" მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 3 თვეში ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომოხმარება 919 მილიონი კილოვატ საათი იყო, შესაბამისად, დე ფაქტო აფხაზეთმა იმაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე 1.2 მილიონიანმა თბილისმა.

პირდაპირ მომხმარებელს რაც შეეხება, მათ ჯამში 681 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს. მათ შორის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი კვლავ "ჯორჯიან მანგანეზია", რომელმაც 279 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა "ბი ეფ დი სი" (Bitfury), რომელმაც 86 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.