მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების ბაზარი 4%-ით გაიზარდა - Colliers

607d9b7876b63
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.21 19:35
758
Colliers International-ის მიერ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის სპეციალურ ვებგვერდ recov.ge-ზე განახლებული მაჩვენებლების მიხედვით, მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 23%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 132 მლნ დოლარი შეადგინა.

მიმოხილვის მიხედვით, თბილისში 2021 წლის მარტში 3 060 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით - 32%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 20%-ით მეტია.

„2021 წლის მარტში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2 021 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 33%-ით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 25%-ით მეტია. აღნიშნული შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში, დაახლოებით, 170 ერთეულ ბინას მოიცავს. ძველ პროექტებში კი, ტრანზაქციების რაოდენობა 2020-სა და 2019-თან შედარებით 30% და 11%-ით გაიზარდა.

2021 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 21%-ით, 2019-თან შედარებით კი 14%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მისი მაჩვენებელი 29%-ით, 42 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომსეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით - 36%-ით, 2019-თან შედარებით კი 37%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმსეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 2020-თან შედარებით 33%-ით გაიზარდა, 2019-თან შედარებით კი 9%-ით შემცირდა. პრემიუმსეგმენტმა კი 2020 და 2019 წლებთან შედარებით, შესაბამისად, 20%-იანი და 17%-იანი კლება განიცადა”, - ნათქვამია მიმოხილვაში.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, ამ პერიოდში თბილისში, 7 738 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით - 4%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი 6%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 2%-იანი, ხოლო 2019-ის პირველ კვარტალთან 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, 2019-თან შედარებით კი 7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 3%-ით, 100 მლნ დოლარამდე შემცირდა.

„2021 წლის პირველ კვარტალში, ახალაშენებული ბინების ეკონომსეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით - 13%-ით, 2019-თან შედარებით კი 19%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმსეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი გასულ წელთან შედარებით - 10%-ით, 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი - 11%-ით შემცირდა. პრემიუმსეგმენტმა კი 2020-სა და 2019 წლებთან შედარებით, შესაბამისად, 30%-იანი და 9%-იანი კლება განიცადა.

2021 წლის პირველ კვარტალში, საშუალო შეწონილ ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი - 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვნებელი 2020 და 2019 წლების პირველ კვარტალთან შედარებით 2% და 4%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია Colliers International-ის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვაში.