მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაციამ 78.6%-იან ნიშნულს მიაღწია - სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება

62c2a07f09d78
გიორგი თოლორდავა
04.07.22 12:12
2090
მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, სურსათისა და საქონლის გაძვირების ფონზე, თურქეთში ინფლაციის დონე მკვეთრად გაიზარდა და ივნისში წლიურმა მაჩვენებელმა 78.6% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის დონე 4.95%-ითაა გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.

ერთ წელიწადში ქვეყანაში საწარმოო ხარჯები 138%-ით გაიზარდა; სატრანსპორტო ხარჯებმა თითქმის 110%-ით მოიმატა; სურსათი პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელებს ღირებულება კი, დაახლოებით, 94%-ით არის გაზრდილი.

საბაზო ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, თურქეთში 57.2%-ს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 1%-ით მეტია.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ინფლაციის გამოთვლის მეთოდის ცვლილებასთან და გარკვეული მონაცემების დაფარვასთანაა დაკავშირებული. მათი ვარაუდით, ინფლაციის რეალური დონე 78.6%-იან ნიშნულზე გაცილებით მაღალია.

ინფლაციის დონის მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები იზრდება, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა კი მნიშვნელოვნად იკლებს.

თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.

„რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პროცესი გაგრძელდება, სხვას ნურაფერს მოელით. როგორც მუსლიმი, მე იმის კეთებას განვაგრძობ, რასაც ისლამური სწავლება მოითხოვს“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 21 ივლისსაა დაგეგმილი - გაიზრდება თუ არა ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი, ჯერჯერობით, უცნობია.