მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს აქციების ღირებულება, შესაძლოა, ერთ წელში 70%-ით გაიზარდოს - ანალიტიკოსი

62a8a200a9abb
გიორგი თოლორდავა
14.06.22 19:20
3000
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება: აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულება (S&P 500) წლის დასაწყისიდან დღემდე 21.5%-ითაა შემცირებული; Dow Jones-ის ინდექსი 16.4%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 31.3%-ითაა შემცირებული.

აღნიშნული ვარდნის მაჩვენებლები იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ამჟამად საფონდო ბირჟა დათვისებური დაღმასვლის ტენდენციაშია, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელიც კი გაგრძელდეს, კომპანიების აქციების ღირებულება კი უფრო მეტად შემცირდეს.

მიუხედავად ბაზარზე არსებული ნეგატიური სენტიმენტისა, გამოცდილ ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზრის ამჟამინდელი კორექცია პოტენციურად მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის, რომელიც გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული და აქციების გაუფასურება აღქმული უნდა იყოს არა საფონდო ბირჟის აღსასრულად, არამედ ერთგვარ ფასდაკლებად.

ზემოხსენებულ პოზიციას იზიარებს RBC Capital-ის მმართველი დირექტორი ჯოზეფ სპაკიც. მისი შეფასებით, რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანია ამჟამად ზედმეტად გაუფასურების ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აქციების შეძენა ამჟამად რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით უფრო იაფადაა შესაძლებელი.

სპაკის განცხადებით, სწორედ ასეთ კომპანიებს შორისაა ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla, რომლის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 47%-ითაა შემცირებული, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 665 მილიარდ დოლარამდეა დაცემული.

RBC Capital-ის ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანია Tesla-ს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მოსალოდნელია, რომ ერთ წელში მისი აქციების ღირებულება თითქმის 70%-ით, $640-დან $1 100-მდე გაიზარდოს.

ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას ანალიტიკოსებს კომპანიის ფუნდამენტური ფაქტორები და სამომავლო გეგმები აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla ერთადერთი მოთამაშე უკვე აღარაა და მას ისეთი სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ, როგორებიცაა: Mercedes, BMW, VW, Ford და GM, მას მაინც აქვს შედარებითი უპირატესობა ელექტრომობილების წარმოების პროცესში, რადგან Tesla-ს საკუთარი მიწოდების ჯაჭვები და მიმწოდებლები ჰყავს, გლობალური ბაზრების შეფერხება კი მასზე გაცილებით უფრო ნაკლებ ნეგატიურ გავლენას ახდენს, ვიდრე ეს Ford-ისა თუ VW-ს შემთხვევაშია. საგულისხმოა, რომ წელს Tesla-მ გერმანიაში ახალი ქარხანაც გახსნა და ამჟამად კომპანია ელექტრომობილებს მსოფლიოს სამ კონტინენტზე აწარმოებს.

გარდა აშკარა ფაქტორებისა, გასათვალისწინებელია Tesla-ს, როგორც ბრენდის გავლენაც. ამერიკელი მოსახლეობისთვის ელექტრომობილები პირდაპირ Tesla-სთან ასოცირდება, ბრენდის მიმართ ერთგულებას კი უფრო მეტად აძლიერებს ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურა, რომელიც Tesla-ს მფლობელებს კონკურენტებთან შედარებით გაცილებით უკეთეს მომსახურების სერვისს სთავაზობს.

ჯოზეფ სპაკის ვარაუდით, ავტომობილების საშუალო ფასები აშშ-ში, დაახლოებით, 3%-ით გაიზრდება, რაც Tesla-ს წმინდა მოგების ზღვრის გაზრდის საშუალებასაც მისცემს.

სპაკის მოსაზრებას იზიარებენ სხვა გამოცდილი ინვესტორები, ჰეჯ-ფონდები და საფინანსო ინსტიტუტებიც, მათი შეფასებით, Tesla-ს ბაზარზე ძლიერი პოზიცია და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, მისი აქციები კი ბირჟაზე ამჟამად ერთგვარი ფასდაკლებით ივაჭრება.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.