მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაფი ფრენების სუბსიდირებაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ნათია თურნავა განმარტავს

5ddf909f6531d
თამუნა ქემერტელიძე
28.11.19 13:15
3045
"იაფი რეისები, რაც დღეს ქუთაისიდან არის, ამას მთავრობა ასუბსიდირებს. გავზრდით ამ ნაწილს, €30-35 შეიძლება პარიზიდან ჩამოხვიდე თბილისსა თუ ქუთაისში", - ამის შესახებ განცხადება "იმედის" ეთერში ქართველების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

BM.GE დაინტერესდა, კონკრეტულად რა გეგმა აქვს მთავრობას იაფი რეისების სუბსიდიის გაზრდის ნაწილში და ამ კითხვით დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრს ნათაია თურნავას მიმართა.

თურნავას განმარტებით, მექანიზმი, რომელიც სუბსიდიის ნაწილშია გამოყენებული, ესაა ე.წ მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელიც არ ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა აეროპორტების გაერთიანება მას გარკვეულ რესურსს ახმარს, განსაკუთრებით ახლადგახსნილ რეისებზე, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და თუ მომავალშიც იქნება საჭირო მსგავსი მეთოდის გამოყენება, ბუნებრივია, ის გაგრძელდება.

"რაც შეეხება ჩვენს ხელშეწყობას, ეს არის ის რეგულაციები, რაც ჩვენ დავაწესეთ. ეს სხვადასხვა ავიაკომპანიას უმარტივებს, რომ შემოვიდეს საქართველოში. ჩვენ გავხსენით ბაზარი, უარი ვთქვით ყოველგვარ პროტექციონიზმზე. ესაა ღია კონკურენტული ბაზარი და თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ამ კუნკურენციის შედეგად სხვადასხვა გლობალური ავიაკომპანიები, როგორ აიაფებენ რეისებს", - აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, ქართული მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რამდენი რამ გაკეთდა ბოლო რამდენიმე წელიწადში იმისთვის, რომ ჩვენი ცა გახსნილი და კონკურენტული ყოფილიყო.

"განსაკუთრებით, მნიშვნელობა აქვს ამას არამხოლოდ ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის, არამედ სოციალური თვალსაზირისითაც. ჩვენ შემოვიყვანეთ ე.წ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები. მაგალითად, Wizz Air-მა პრაქტიკულად გაასამმაგა თავისი პირდაპირი ფრენები სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, შემოვიყვანეთ Ryanair იმისთვის, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში, რაც უკვე ასეცაა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც წელს ხდება. გარდა ამისა, ჩვენს მოქალაქეებს საშუალება აქვს შედარებით დაბალ ფასებში შეიძინონ ავიაბილეთები", - აცხადებს თურნავა.
 
შეგახსენებთ: 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებს, ჯამში - 11,145,000 ლარი, 2017-ში - 7,187,000 ლარი, 2016 წელს კი - 3,157,000 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფოები ავიაკომპანიების დაფინანსებისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორისაა მარკეტინგული დაფინანსება, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ დანიშნულების ქვეყანაში არსებული ფრენების რეკლამირებას ხმარდება. მსგავსი "წახალისების" ფორმას სხვა ქვეყნებიც მიმართავენ და კერძო კომპანიებს ფრენების განხორციელებისთვის თანხას საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავენ.