მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აპრილში გეგმიური ოპერაციების დაფინანსებაზე სამინისტროში 52 000-ზე მეტი მოთხოვნა შევიდა

5ecbcbb0161b7
თელარა გელანტია
25.05.20 17:44
744
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, იანვრიდან 30 აპრილამდე სამინისტროში გეგმიური ოპერაციების დაფინანსების მიზნით, 52 000-ზე მეტი მოთხოვნაა შესული.

ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2“-ზე განაცხადა და რელიზს თავად სამინისტრო ავრცელებს, თუმცა ინფორმაციაში არაა მითითებული 52 000-ზე მეტი მოთხოვნიდან რამდენზე გაიცა დადებითი პასუხი. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ გამოითხოვა და პასუხს ელოდება.

ტიკარაძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო ყველა ამ ოპერაციის დაფინანსებაზე საგარანტიო წერილებს ეტაპობრივად, შესაბამის ვადებში გასცემს.

მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებლები 2019 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ემთხვევა და შესაბამისად, გეგმიურ ოპერაციებზე მიმართვიანობა არ შემცირებულა.

„რაც შეეხება გეგმიურ ამბულატორიას, ამ კომპონენტში სახელმწიფოს აქვს კაპიტაციური დაფინანსება, რაც გულისხმობს იმას, რომ აქაც, ჩვენ გვაქვს რეალურად პროგნოზირებადი დაფინანსება, რომელიც ყოველთვიურად გადაეცემა დაწესებულებებს. ჩვენ ასევე გავააქტიურეთ პირველადი ჯანდაცვა ანუ გეგმიური ამბულატორია და ხდებოდა პაციენტების როგორც დისტანციური, ასევე ბინაზე მართვა. ამ შემთხვევაშიც დაფინანსება რეალურად არ შეგვიცვლია. რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, რომლებიც სახელდება თითქოსდა გადავადდა, ჩვენ გვქონდა ერთადერთი ცვლილება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 4 თვისა.

აქ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი შემდეგი ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვის აუდიტი როდესაც გაკეთდა ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კრიტიკული პროცენტული მაჩვენებელი გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გეგმიური ოპერაციების მაჩვენებელი არის 80-85%, საქართველოში ეს მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი, მხოლოდ 20%, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ინტერესი, რა თქმა უნდა, არის გეგმიური ოპერაციების წახალისება, ვინაიდან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და სწორედაც ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზი და შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე ჩატარებული გეგმიური ოპერაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით რჩება უცვლელი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.