მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მაისში პორტირებულ აბონენტთა 67.6% "სილქნეტში" გადავიდა

5f5727ce93218
BM.GE
09.09.20 10:15
1104
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მაისში "სილქნეტის" მობილურ ქსელში 2-ჯერ მეტი აბონენტი დაპორტირდა, ვიდრე "მაგთისა" და "ვიონის" ქსელებში ჯამურად.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში სხვა ქსელებიდან "სილქნეტში" 15,915 მობილური აბონენტი გადაპორტიდა, "მაგთიკომში" - 4,450, ხოლო "ვიონი საქართველოს" ქსელში - 3,195 აბონენტი.

"სილქნეტში" პორტირებულთა რაოდენობის ზრდა გასული წლის დეკემბრის თვიდან დაიწყო, როდესაც 7,263 მობილურმა აბონენტმა სხვა ქსელებზე უარი თქვა და ჯეოსლეზე/სილქნეტზე გადაერთო. ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალშიც. ჯამურად, სამ თვეში ჯეოსელში/სილქნეტში 21,720 აბონენტი გადავიდა, მაგთიკომში - 3,557, ხოლო ვიონი საქართველოს ქსელში - 3,490. სავარაუდოდ, პორტირებულ აბონენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა კორპორაციულ ქსელში ჩართული ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

გრაფიკი აჩვენებს 2019 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით მობილურ ქსელებში პორტირებული აბონენტების რაოდენობას:



პორტირებულ აბონენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა წარსულშიც რამდენჯერმე დაფიქსირდა: 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით სხვა ქსელებიდან "მაგთიკომში" 118,936 აბონენტი დაპორტირდა, ხოლო 2014 წლის თებერვალ-აპრილში ჯეოსელში/სილქნეტში 83,493 აბონენტი გადავიდა. პორტირებულ აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა 2015 წლის თებერვალშიც, როდესაც სხვა ქსელების ხარჯზე ჯეოსელმა/სილქნეტმა 12,167 აბონენტი შეიძინა. ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის თებერვალში "მაგთიში" 13,008 აბონენტი გადაპორტირდა.

ცნობისთვის, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, მობილური ქსელების აბონენტთა რაოდენობა ასეთია:

1) "მაგთიკომი" - 1,911,714 აბონენტი;
2) "სილქნეტი" - 1,647,359 აბონენტი;
3) "ვიონი საქართველო" - 1,223,081 აბონენტი;