მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან 14%-ით შემცირდა

603d0f1e8077a
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.21 10:15
993
იანვარში ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადიდან 293.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 46.6 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით ნაკლებია.

დღგ-ის შემცირება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მეტყველებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა ქვეყანაში დაწესებული მეორე ლოქდაუნით და თვის ფაქტობრივად ნახევრის “უქმე დღეებად” გამოცხადებით იყო განპირობებული. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკის 4.6%-ით შემცირება არის ნავარაუდევი, მთლიანად 2021 წელს კი მთავრობა 4.3%-იან ზრდას ელის.

დღგ-თან ერთად შემცირებულია ბიუჯეტის შემოსავალი საშემოსავლო გადასახადიდანაც.

იანვარში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 319 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 64.2 მილიონი ლარით, ანუ 17%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. უფრო დეტალურად კი შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 64.2 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 320 მილიონ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან.

მთლიანობაში იანვარში შეგროვებული 319 მილიონი ლარის საშემოსავლო გადასახადი ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში 1.56 მილიარდი ლარის ხელფასები გაიცა. შედარებისთვის, 2020 წლის იანვარში გაცემული ხელფასების ჯამი 1.91 მილიარდი ლარი იყო.

ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის კლება თანხვედრაშია საქსტატის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 74 ათასით იკლო. ასევე, 53 ათასით, 308 ათასამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობის 20.4% ამჟამად უმუშევარია, წლიურ ჭრილში ზრდა 3.8%-ია.