მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 25%-ით, დსთ-სთან 19%-ით შემცირდა

56c6c8f15a167
BM.GE
19.02.16 11:46
1294
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 405 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით ნაკლები). საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.
 
იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 137 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 25 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარი იყო (38 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 99 მლნ. აშშ დოლარი (18 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 31 პროცენტი და იმპორტში 24 პროცენტი (2015 წლის იანვარში შესაბამისად 26, 39 და 23 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21 პროცენტი (2015 წლის იანვარში 16 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარში 166 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 19 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 30 მლნ. აშშ დოლარი (46 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 137 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი (2015 წლის იანვარში შესაბამისად 30, 35 და 28 პროცენტი). 2016 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38 პროცენტი (2015 წლის იანვარში 25 პროცენტი).

იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (83 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (54 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (53 მლნ. აშშ დოლარი).